„არ შეეფერება სიმართლეს, თითქოს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები გადმოვიდნენ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
ჩუგოშვილის თქმით, ეს არის თემა, რომელზეც თამაში და ქულების დაწერა არ შეიძლება. ნებისმიერი განცხადება თუ ნაბიჯი შესაძლებელია სახიფათო იყოს.
„ხურვალეთში არსებულ ვითარებას სრულად აკონტროლებს როგორც შსს, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც სრულად მობილიზებულია. არ შეეფერება სიმართლეს, თითქოს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები გადმოვიდნენ. ამ სიტუაციაში არის საჭირო მაქსიმალური სიფრთხილე. შესაბამისად, ყველას მოვუწოდებთ, რომ ნებისმიერი პროვოკაციული ქმედებისგან და განცხადებისგან შეიკავოს თავი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან საკითხი ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას. სახელმწიფო აკონტროლებს სიტუაციას სრულად. მაგრამ სიფრთხილე არის აუცილებელი და შესაბამისად ნებისმიერი განცხადება, ქმედება და პოპულისტური ნაბიჯი შეიძლება იყოს ძალიან სახიფათო. ეს არ არის ის თემა, რომელზეც შეიძლება თამაში და ქულების დაწერა. ამიტომ სახელმწიფოს აცადონ რეაგირება, საქმის კეთება, მითუმეტეს, რომ შსს არის სრულად მობილიზებული ევროკავშირის პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.