logo_geo
eng_logo
მაია ცქიტიშვილი: ჩვენ ვცდილობთ, გამოვნახოთ კომპრომისი დამფინანსებლებს, „ანაკლიის კონსორციუმსა“ და სახელმწიფოს შორის
- +

15 მარტი. 2019. 18:56

 

„ჩვენ წლების განმავლობაში ვთანამშრომლობდით და ახლაც ვაგრძელებთ „ანაკლიის კონსორციუმთან“ თანამშრომლობას იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ ამ ინვესტიციის განხორციელებაში“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების შესაძლო დაჩქარების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

მინისტრის თქმით, გამოძიების სწრაფად და ეფექტურად დასრულებასთან დაკავშირებით ინტერესი ყველას აქვს.

 

„რაც შეეხება გამოძიების დაჩქარებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, მგონი ჩვენ ყოველთვის და ყველანი ვართ დაინტერესებულები იმით, რომ გამოძიება დასრულდეს სწრაფად, წარიმართოს ეფექტურად და გამჭვირვალედ და გამოძიებასთან დაკავშირებულ კითხვებზე ყველამ მივიღოთ პასუხი. რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, მე ამ ორ საკითხს ერთმანეთთან არ დავაკავშირებდი. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ არის ინვესტორი, რომელმაც ამ პროექტის განხორციელების ვალდებულება აიღო. ჩვენ წლების განმავლობაში ვთანამშრომლობდით და ახლაც ვაგრძელებთ კონსორციუმთან თანამშრომლობას იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ და დავიხმაროთ ამ ინვესტიციის განხორციელებაში და ამდენად, ამ მიმართულებით, მეც დიდი სიამოვნებით გავაგრძელებდი თანამშრომლობას“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

ვიცე-პრემიერმა კომენტარი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლების განცხადებებზეც გააკეთა, რომელიც ტვირთბრუნვების რისკების დაზღვევას ეხებოდა.

 

„მთავრობის დამოკიდებულება არის ყოველთვის მხარდამჭერი და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, გამოვძებნოთ კომპრომისი, ის შესაძლებლობები, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ამა თუ იმ პროექტის განხორციელებას დავეხმაროთ. თუმცა ამასთან ერთად, ჩვენი ვალია, პირველ რიგში, სახელმწიფოს ინტერესები დავიცვათ და შემდეგ ვიფიქროთ კერძო, კონკრეტული ინვესტორის ინტერესებზე. ასე რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ, რომ გამოვნახოთ კომპრომისი დამფინანსებლებს, კონსორციუმსა და სახელმწიფოს შორის და ვიმუშაოთ ამ პროექტის განხორციელებაზე, თუმცა ვერც ჩვენ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საზიანო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner