logo_geo
eng_logo
ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა მარნეულში მწვანე ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და რეციკლირების პილოტურ პროექტს იწყებენ
- +

15 მარტი. 2019. 19:58

 

 

პილოტური პროექტი აჩვენებს, თუ როგორ არის შესაძლებელი სათბური ეფექტის მქონე აირების ნაგავსაყრელებზე წარმოქმნის შემცირება და იმ მწვანე ნარჩენების გამოყენება, რაც რეგიონული ნაგავსაყრელების მოცულობის 50%-ს იკავებს.

 

პილოტური პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში და ხატია წილოსანი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე და ქ. მარნეულის მერი.

 

პილოტური პროექტი ეხმარება მარნეულის კომპოსტირების საწარმოს ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და მუნიციპალური ორგანიზაციებისგან მწვანე ნარჩენების შეგროვების გაუმჯობესებაში. კერძოდ, შეძენილ იქნა 30-ზე მეტი 1,100 ლიტრიანი  კონტეინერი მარნეულის სხვადასხვა ადგილებში განსათავსებლად. აგრეთვე, შეძენილ იქნა 12 ლიტრიანი 120 კონტეინერი, რომლებიც დარიგდება სამიზნე ოჯახებსა და საბავშვო ბაღებში სამზარეულოს მწვანე ნარჩენების შესაგროვებლად.

 

პილოტური პროექტი მომზადდა და ხორციელდება ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, მარნეულის კომპოსტირების საწარმოსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით და მიზნად ისახავს ქვეყანაში მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და რეციკლირების ხელშეწყობას. პროექტის მიზანია იმ მწვანე ნარჩენების ეფექტიანად გამოყენება, რომლებიც რეგიონულ ნაგავსაყრელებზე ხვდება და მათი მოცულობის დაახლოებით 50%-ს იკავებს და ამ გზით სათბურის აირების ემისიების შემცირება.

 

„ევროკავშირი მსოფლიო ლიდერია გარემოსდაცვითი და ჯანდაცვის საკითხებში, რომლის მნიშვნელოვან შემადგენელს ნარჩენების მართვა წარმოადგენს. მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია საკუთარი გამოცდილება საქართველოს გავუზიაროთ. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ამ პილოტური პროექტის საშუალებით ჩვენ ვამტკიცებთ, რომ საქართველოში არსებობს ნარჩენების უკეთესად მართვის  და მწვანე ნარჩენების სასარგებლო კომპოსტად გადაქცევის შესაძლებლობები“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

 

პილოტური პროექტის პრეზენტაციის დროს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განხილულ იქნა პროექტის დადებითი მხარეები და სარგებელი, აგრეთვე მარნეულის კომპოსტირების საწარმოს პრობლემები მწვანე ნარჩენების შეგროვება-გასაღებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ სტუმრებმა კომპოსტირების  საწარმო მოინახულეს. დიდი ზომის კონტეინერები დაიდგა საცხოვრებელ უბნებში და რამდენიმე საბავშვო ბაღში, ხოლო მცირე ზომის სამზარეულოს კონტეინერები დარიგდა სამიზნე ოჯახებსა და შერჩეულ საბავშვო ბაღებში. ამავე დროს გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა მოსარგებლე მხარეებთან, რომლის დროსაც ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ექსპერტებმა მწვანე ნარჩენების შეგროვების მიზანი და მეთოდი განმარტეს. ღონისძიების დასასრულს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, ერთ-ერთ სამიზნე საბავშვო ბაღში წარმოადგინა  გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და განათლების კუთხით ცენტრის მიერ, განხორციელებული ღონისძიებები და დაარიგა გარემოსდაცვითი საინფორმაციო მასალები.

 

დამატებითი ინფორმაცია:

კომპოსტირების საწარმო მდებარეობს 2 ჰა ფართობის მქონე ტერიტორიაზე. კომპოსტის მისაღებად გამოიყენება 1 ჰა ფართობი.  საწარმო შედგება შემდეგი ნაწილებისაგან:

კომპოსტირების საწარმოს შენობა (კარკასი და სახურავი)

მექანიკური შემრევი

შრედერი

საცერი

საპროექტო წარმადობა:  დაახლოებით 5000 ტონა წელიწადში

 

მიმდინარე წარმადობა: 4 ტონა კომპოსტი 20 ტონა მწვანე ნარჩენისგან

 

ნედლეული და მისი წყარო: მარნეულის საკონსერვო ქარხნის და აგრარული ბაზრის მწვანე ნარჩენები.

 

კომპოსტირების ტექნოლოგია: კომპოსტირების აერობული პროცესი, რომელიც 4 ძირითად კომპონენტს საჭიროებს: ორგანული მასალა, ტენი, ჟანგბადი და აერობული ბაქტერიები. ნედლეულად გამოიყენება მარნეულის საკონსერვო ქარხნის და აგრარული ბაზრის მწვანე ნარჩენები. აერობული ბაქტერიები მწვანე ნარჩენს მოუმწიფებელ კომპოსტად შლიან. ის მდიდარია აზოტით და უხეში სტრუქტურა აქვს. კომპოსტის მომწიფებას დაახლოებით 2-3 თვე ჭირდება. შედეგად მოუმწიფებელი კომპოსტი საკვები ელემენტებით მდიდარ ფოროვან ნიადაგად - მწიფე კომპოსტად გარდაიქმნება.

 

კომპოსტი: გახრწნილი ორგანული მასალა, რომელიც მცენარეების სასუქად (ნიადაგის დანამატად) გამოიყენება.

 

 კომპოსტი:

ამდიდრებს ნიადაგს, ეხმარება მას ტენის შენარჩუნებაში და ხელს უშლის მცენარეების დაავადებებისა და მავნებლების გავრცელებას.

ხელს უწყობს სასარგებლო ბაქტერიებისა და სოკოების განვითარებას, რომლებიც შლიან ორგანულ მასალას და წარმოქმნიან ნეშომპალას - საკვები ნივთიერებებით მდიდარ მასას.

ამცირებს ნაგავსაყრელებიდან მეთანის გაფრქვევებს და ადამიანის მიერ წარმოქმნილი სათბური გაზების რაოდენობას.

 

ევროკავშირმა სეპარირებისთვის მწვანე ნარჩენები შემდეგი მოსაზრებებით შეარჩია:

არსებულ ნაგავსაყრელებზე განთავსებულ მუნიციპალურ ნარჩენებში მწვანე ნარჩენების წილი მაღალია (დაახლოებით 50%), რაც პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ვფლანგავთ რესურსს, არამედ იმიტომაც, რომ ნაგავსაყრელზე განთავსებული ორგანული ნარჩენი ანაერობულ დაშლას ექვემდებარება (ჟანგბადის არარსებობის პირობებში) და მეთანს გამოჰყოფს.  ატმოსფეროში გაფრქვეული მეთანი ნახშირორჟანგთან შედარებით 25-ჯერ მეტად ძლიერი სათბურის ეფექტის მქონე აირია. ამავე დროს, შესაძლებელია ორგანული მასალის რეციკლირება და მისგან კომპოსტის (ბიოლოგიური სასუქი) და ნიადაგის სხვა დანამატების მიღება.

მწვანე ნარჩენების შეგროვება შედარებით მარტივია და დიდ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული.

მარნეულში უკვე არსებობს მწვანე ნარჩენების რეციკლირების საწარმო. ის შეიძლება გახდეს სანიმუშო სხვა რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში ამ პრაქტიკის დასანერგად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner