მერების შეთანხმების ინიციატივის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მიიღო მონაწილეობა.
„მერების შეთანხმების“ ხელმომწერი საქართველოს თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მერების, ეროვნული და ტერიტორიული კოორდინატორებისა და შეთანხმების მხარდამჭერების მუნიციპალური განვითარების საკოორდინაციო პლატფორმის პირველი სამუშაო შეხვედრა „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი დაესწრო.
„ძალიან კარგ ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი, რაც მუნიციპალური განვითარების საკოორდინაციო პლატფორმის შექმნას გულისხმობს. ჩვენ გვაქვს დიდი პასუხისმგებლობა გარემოს წინაშე და ვცდილობთ, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი კლიმატის პოლიტიკის განხორციელებას. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემები ყოველდღიურად სულ უფრო თვალსაჩინო ხდება არამარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მერების შეთანხმება აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს გვაძლევს კარგ შესაძლებლობას, ქვეყანაში ხელი შევუწყოთ ენერგოეფექტურობის განვითარებას, ტრანსპორტითა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემების მინიმუმამდე დაყვანას.
„იმედი მაქვს, გავაუმჯობესებთ არსებულ პრაქტიკას და განვსაზღვრავთ სწორ პოლიტიკას, რათა მაქსიმალურად იქნას შემცირებული ნახშირორჟანგის გამოფრქვევა ჰაერში. EU4Energy არის ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს მუნიციპალიტეტებს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს იმ სწორი პოლიტიკის განსაზღვრაში და შემდეგ დანერგვაში, რაც არსებით გავლენას მოახდენს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე“, - აღნიშნა ხატია წილოსანმა შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.