„ოთარ კახიძეს ჰგონია, რომ თუ უკუღმა გვეტყვის, ამით მოგვატყუებს. ჩვენს მოტყუებას ცდილობენ და ხალხს რას უშვრებიან, ხომ წარმოგიდგენიათ“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან გამოსულმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარ მამუკა მდინარაძემ განუცხადა. კომიტეტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ მიერ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების შესარჩევ კრიტერიუმებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვას ოთარ კახიძესა და მამუკა მდინარაძეს შორის მწვავე კამათი მოჰყვა.
მამუკა მდინარაძის თქმით, კანონპროექტის მიხედვით, რომელიც „ევროპულ საქართველოს“ სურს პარლამენტში შეიტანოს, დეპუტატებს 252 მოსამართლეობის კანდიდატის განხილვა მოუწევს.
„ამ კანონპროექტს პრობლემები აქვს კონსტიტუციასთან. ერთი ადამიანი არ შეიძლება აღჭურვო საბჭოს უფლებამოსილებით, გამორიცხულია. სიტყვა სისულელე არ მოსწონთ, მაგრამ ეს არის სისულელე, სხვას ვერაფერს დაარქმევ. წარმოუდგენელ კომენტარებს აკეთებენ თუ საერთოდ სხვა მესიჯები აქვთ და სხვა მიზნები. პოლიტიკური სითავხედეც აღარ ჰქვია ამას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, კანონპროექტი, რომელიც ეკუთვნის „ქართულ ოცნებას“, დახვეწილია და ამაში საზოგადოება უახლოს მომავალში დარწმუნდება.