ავტორი ალა გრიგალაშვილი
ზაფხულის სეზონისთვის „საქართველოს რკინიგზა" მგზავრებს განსაკუთრებულ სიურპრიზს უმზადებს. ივლისიდან მგზავრებს ორსართულიანი, ევროპული სტანდარტების „Stadler Kiss"-ის მოდელის ულტრათანამედროვე მატარებელი მოემსახურება.
შესყიდვის ხელშეკრულებას „Stadler Kiss"-ის გენერალურმა დირექტორმა პიტერ შპულერმა და „საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ ხელი დღეს მოაწერეს.
შვეიცარიული კომპანიის ელექტრომატარებელი შავი ზღვის მიმართულებით მგზავრებს კომფორტულ ვითარებაში გადაიყვანს. ოთხი ახალი მატარებელი აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის უსაფრთხოების სისტემით. ის ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებაზეა გათვლილი.
მატარებლის ტექნიკური მონაცემები სრულად შეესაბამება საქართველოს რკინიგზის მოთხოვნებს. ამასთან, სრულად აკმაყოფილებს საქართველოს რკინიგზის მოქმედ გაბარიტებს. ლიანდაგის სიგანე, რომელზეც მატარებელია გათვლილი, 1520 მმ-ია. ელექტრომატარებლის სიგრძე 101,7 მეტრია, ხოლო სიგანე 340 სმ, ახალი ელექტრომატარებლის სიმაღლე 5240 მილიმეტრს შეადგენს. მატარებელი 400 მგზავრზეა გათვლილი.
ტექნიკური მოთხოვნების შესამუშავებლად „საქართველოს რკინიგზამ" Deutsche Bahn-ის ექსპერტების მომსახურებით ისარგებლა. ტექნიკურ პარამეტრებზე გერმანელ სპეციალისტებთან ერთად ქართული მხარეც მუშაობდა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „Stadler Kiss" მოდელის მატარებელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებაზეა გათვლილი. მათთვის მატარებელში არის ლიფტები და სველი წერტილები. გარდა ამისა, საპირფარეშოში ჩვილ ბავშვთა მოვლისათვის საჭირო სპეციალური მაგიდაა განთავსებული.
„Stadler Kiss" მოდელის მატარებელი - ს/ს ,,საქართველოს რკინიგზის" განვითარების ახალი ეტაპია, მომსახურების განვითარების სფეროში წინ გადადგმული ნაბიჯი. პერსონალი, რომელიც მგზავრებს ამ მატარებლზე მოემსახურება სპეციალური გადამზადების კურსებს სხვადასხვა ქვეყნებში უკვე გადის.
ელექტრომატარებელი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით შეჩერების გარეშე იმოძრავებს და მხოლოდ ურეკში, ქობულეთსა და ბათუმში გაჩერდება.
ევროპის ყველაზე მაღალი სტანდარტის მატარებლის შესყიდვა 40 მილიონი დაჯდა.
მატარებელი საქართველოში 17 ივლისს შემოვა.