„სოფელ ხურვალეთში სიმშვიდეა და დაძაბულობას ადგილი არ აქვს. შევხვდი მოსახლეობას და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, რომლებიც ამ დრომდე ადგილზე რჩებიან“, – ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილმა განაცხადა, რომელმაც სოფელ ხურვალეთში არსებული სიტუაცია შეაფასა.
აღნიშნული განცხადება კონსტანტინე თავზარაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სოფელ ხურვალეთში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. კონსტანტინე თავზარაშვილი ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებსაც ესაუბრა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.
„პანიკის საფუძველი არ არსებობს და მინდა, ყველას სიმშვიდისკენ მოვუწოდო. ჩვენ ადგილობრივებთან გვაქვს კომუნიკაცია და დღეს, ისევე როგორც გუშინდელი შეხვედრის დროს აცხადებენ, რომ პანიკისა და საფრთხის საშიშროება არ არსებობს. ჩვენთვის ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ ადამიანებმა თავი დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნონ“, - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.