logo_geo
eng_logo
ევროკავშირი გმობს ყირიმის ანექსიას
- +

17 მარტი. 2019. 20:42

 

ევროკავშირმა ყირიმის უკანონო ანექსიის 5 წლისთავთან დაკავშირებით დეკლარაცია გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთის ქმედებები მკაცრადაა დაგმობილი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

 

დეკლარაციაში წერია, რომ ევროკავშირი ერთგულია ყირიმის ნახევარკუნძულის არაღიარების პოლიტიკის, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გზით და გმობს ქერჩის სრუტესთან მოსკოვის თავდასხმას უკრაინულ ხომალდებზე.

 

„2018 წლის 25 ნოემბერს, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ უსაფუძვლო ძალის გამოყენება არის იმ ნეგატიური შედეგების შეხსენება, რაც ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიამ რეგიონულ სტაბილურობას მოუტანა“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ევროკავშირი მოუწოდებს მოსკოვს, გაათავისუფლოს უკრაინელი მეზღვაურები და გემები. ასევე გმობს ქერჩის სრუტეში ხიდის მშენებლობას, რაც უკრაინის თანხმობის გარეშე განხორციელდა.

 

ბრიუსელი ასევე ხაზს უსვამს, ყირიმის ნახევარკუნძულის მილიტარიზაციის გაძლიერების ფაქტს და აცხადებს, რომ ეს უარყოფითად მოქმედებს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე. ევროკავშირი დეკლარაციაში ასევე მოუწოდებს რუსეთს, გაათავისუფლოს ოლეგ სენცოვი და მასთან ერთად, ყველა უკანონოდ დაკავებული პირი.

 

შეგახსენებთ, ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიის გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, 2014 წლის 18 მარტს მოაწერა ხელი.

 

როგორც ცნობილია, ხვალ ყირიმის უკანონო ანექსიის 5 წლისთავთან დაკავშირებით, ევროპული საბჭო არაფორმალურ სხდომას გამართავს.

 

2018 წლის 25 ნოემბერს რუსებმა ქერჩის სრუტეში 3 უკრაინული გემი და 24 უკრაინელი მეზღვაური დააპატიმრეს, რასაც უკრაინის ლიდერმა აგრესიის აქტი უწოდა და რუსეთის მოსაზღვრე რაიონებში საომარი ვითარება გამოაცხადა.

 

ოფიციალური კიევი მოსკოვისგან დაკავებული გემებისა და მეზღვაურების გათავისუფლებას ითხოვს, რაზეც კრემლის ლიდერი უარს ამბობს და პოროშენკოს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

 

26 ნოემბერს უკრაინის რადამ რუსეთთან მოსაზღვრე რეგიონებში, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner