აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გალის რაიონში საეჭვო ვითარებაში დაღუპული ირაკლი კვარაცხელიას ნახევარძმა პაატა უზარაშვილი ამბობს, რომ ცხედარს, მრავლობითი დაზიანებები სხეულის თითქმის ყველა ნაწილზე აღენიშნებოდა. ამის შესახებ მან "იმედის კვირას" უთხრა.
"იმედის კვირამ" გააკეთა გრაფიკული სურათი, რომელიც კვარაცხელიას სხეულზე არსებულ დაზიანებებს აღწერს, სურათი ნათესავების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზეა აგებული.
სწორედ ამ დაზიანებების გამო ნათესავები საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ვერსიას, რომ 29 წლის ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა, კატეგორიულად გამორიცხავენ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ დაკავების შემდეგ ოკუპანტებმა ირაკლი სასიკვდილოდ გაიმეტეს.
მათი ინფორმაციით რუსი ოკუპანტები კვარაცხელიას ფიზიკურად ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გაუსწორდნენ, რის შემდეგაც სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო, თუმცა ექიმებმა ის ვეღარ გადაარჩინეს. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კვარაცხელია რუსულ სამხედრო ბაზაზე გარდაიცავალა, "იმედის კვირას" ოკუპირებული ტერიტორიიდან კვარაცხელიას ნათესავი უდასტურებს, რომლის ვინაობასაც მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ასაჯაროებს.
მას შემდეგ რაც, კვარაცხელიას ცხედარი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მას ექსპერტიზა, მთელი ღამის განმავლობაში უტარდებოდა. სახელმწიფო ექსპერტებთან ერთად ცხედარი დამოუკიდებელმა ექსპერტებმაც ნახეს.
კვარაცხელიას საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებაზე საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. მომხდარის შესახებ ოფიციალურმა თბილისმა მეგობარ სახელმწიფოებს ინფორმაცია მიაწოდა. საგარეო საქმეთა მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კი მომხდარის შესახებ საქმის კურსში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ჩააყენა.
29 წლის კვარაცხელიას სიკვდილის მიზეზების დასადგენად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად მუშაობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გამოძიება, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ირაკლი კვარაცხელია დღეს სენაკის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.
ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როცა ოკუპანტი ქვეყნის მიერ შექმნილ დღის წესრიგს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან საოკუპაციო ზოლთან ადამიანის სიცოცხლე ეწირება.
19 წლის დავით ბაშარული მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც 2014 წლის 4 ივნისს ოკუპირებული ახალგორის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა განყოფილების შენობაში წაიყვანეს. ახალგაზრდის ცხედარი მხოლოდ 7 თვის შემდეგ გამოაჩინეს - ნახევრად გახრწნილი და ხეზე მიბმული, იმ ვერსიის გასამყარებლად, თითქოს მან თავი მოიკლა.
ექსპერტიზის დასკვნით ცხინვალის ციხეში 2018 წლის 22 თებერვალს წამებით მოკლეს არჩილ ტატუნაშვილი. ცხედრის გადმოსვენება ოკუპირებული ტერიტორიიდან მხოლოდ 26 დღის შემდეგ მოხერხდა - შინაგანი ორგანოების გარეშე. ამით ტატუნაშვილის გარდაცვალების რეალური მიზეზის დამალვა სურდათ.
30 წლის გიგა ოთხოზორია - ხურჩა ნაბაკევის ე.წ. გამშვებ პუნქტთან ე.წ მესაზღვრემ მოკლა. 2016 წლის 19 მაისს მომხდარი ვიდეოკამერებმაც დააფიქსირეს. ქუთაისის სასამართლომ დამნაშავე რაშის კანჯი ოღლს პატიმრობა მიუსაჯა. უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად საოკუპაციო რეჟიმი დამნაშავის დასჯაზეც და გადმოცემაზეც უარს ამბობს.