საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის ნაკეთობების კონტრაბანდის სამი ფაქტი გამოავლინა
-
+
18 მარტი. 2019. 11:26
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის სამი ფაქტი გამოავლინეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები საბაჟო-გამშვები პუნქტის „სარფის“ გავლით, ცდილობდნენ, საქართველოში მალულად შემოეტანათ არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის - ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 22 კგ-ზე მეტი ვერცხლისა და 2,5 კგ ოქროს ნაკეთობანი, რომელთა საერთო საბაჟო ღირებულება 240 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.