სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიურ ანგარიშს პარლამენტში მარტის ბოლომდე წარადგენს.
ანგარიშის წარდგენის პროცედურა განსაზღვრულია პარლამენტის ახალი რეგლამენტით, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტს წელიწადში ერთხელ, კალენდარული წლის მარტში წარუდგენს ანგარიშს.
მას შემდეგ, რაც ანგარიშის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში მოხდება, პლენარული სხდომის ფორმატში მოხსენებას სახალხო დამცველი პირადად წარადგენს.
თავის მხრივ, ანგარიშის საფუძველზე პარლამენტი იღებს დადგენილებას, ან რეზოლუციას. პარლამენტის დადგენილება უნდა შეიცავდეს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის შეფასებას, ასევე პარლამენტის დავალებებსა და მათი შესრულების მონიტორინგის ვადებს.