საქართველოს სოლიდარობის ფონდმა, დაფუძნებიდან დღემდე, 215 ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობა 7,9 მილიონი ლარით დააფინანსა, - საქმიანობის ანგარიში და 2016 წლის პრიორიტეტები ფონდის ხელმძღვანელმა მარიამ ჯაშმა დღეს სოლიდარობის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე წარადგინა, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.
სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, ფონდს საჯარო სამსახურის 55 000 - ზე მეტი თანამშრომელი, 24 კერძო კომპანია და 53 სტუდენტური ორგანიზაცია შეუერთდა.
შედეგად, 2014 წლის ივლისიდან დღემდე, ფონდში ჯამურად მობილიზებულია 5.7 მლნ ლარი. ამ კონტექსტში განსაკუთრებით გაესვა ხაზი კერძო სექტორის, მათ შორის ბანკების მხარდაჭერის როლს.
სოლიდარობის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ფონდს და მის შემომწირველებს მადლობა გადაუხადა.
„ეს არის ძალიან წარმატებული პროექტი და ჩვენ გვაქვს საფუძველი, ოპტიმისტურად ვუყუროთ მომავალს. დარწმუნებული ვარ, საერთო ძალისხმევით შევძლებთ, მოვიზიდოთ კიდევ უფრო მეტი თანხა, გავაუმჯობესოთ საჯარო და კერძო პარტნიორობის მოდელი და მეტი ბავშვის მკურნალობა დავაფინანსოთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით მიღწეულ შედეგებთან ერთად, მარიამ ჯაშმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა სოლიდარობის ფონდის აქტიურ როლზე ინოვაციური დაფინანსების გლობალურ დიალოგში, კერძოდ გაეროსა და პარიზის სამდივნოსთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
სოლიდარობის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს რიგით მეხუთე სხდომას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, თბილისის მერი დავით ნარმანია, ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია, საბანკო სექტორის წარმომადგენლები, გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი და ჩეხეთის საელჩოს ატაშე ალბერტ სიდო დაესწრნენ.