საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ 18 მარტს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2018 წლის მეოთხე კვარტალში, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 61,1 ლარითაა გაზრდილი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით და 1202 ლარს შეადგენს.
ხელფასები თითქმის ყველა სექტორში გაიზარდა. საქმიანობის სახეების მიხედვით, საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალი შემდეგ სფეროებშია - პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში, სადაც საშუალო ხელფასი 2144.9 ლარს შეადგენდა (0.6%-იანი წლიური ზრდა), მშენებლობის სექტორში, სადაც საშუალოდ 1956.4 ლარს იღებდნენ (1.4%-იანი ზრდა) და საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობაში, სადაც საშუალო ხელფასი 1902 ლარი იყო (7.3%-იანი ზრდა).
ბიზნესის სექტორში საშუალო ხელფასი 1318.7 ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 77.2 ლარითაა მეტი.
არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში გასული წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 38.6 ლარით გაიზარდა საშუალო ხელფასი და 1012.5 ლარი შეადგინა.