logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: ვურჩევ ოპონენტებს, სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით კანონპროექტს გაეცნონ
- +

18 მარტი. 2019. 14:41

 

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ოპონენტებს ურჩევს, სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით მის მიერ მომზადებულ კანონპროექტს გაეცნონ და შემდეგ გააკეთონ შეფასებები.

 

სესიაშვილის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი დისკრიმინაციული არ არის.

 

„ვურჩევ ჩემს ყველა ოპონენტს, ჯერ კანონპროექტს გაეცნონ. კეთდება განცხადებები, მათ შორის ხორციელდება ჩემზე თავდასხმები, თითქოს, დისკრიმინაციული კანონი შემაქვს, არამც და არამც. ჩემი ინიციატივით ვაუქმებ შეღავათს, რომელიც ეხება ყველა მღვდელმსახურს, ხაზს ვუსვამ, ყველას. საქმე იმაშია, რომ ე.წ. რელიგიური ორგანიზაციები მიზანმიმართულად სარგებლობენ ამ მუხლით, ფაქტობრივად, მავნებლობენ და გაწვევას მთლიანად აგდებენ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

სესიაშვილის თქმით, შესაბამისად, კანონის აღნიშნული მუხლი გასაუქმებელია და ყველა, ვისაც ჯარში წასვლა არ სურს, არასამხედრო ალტერნატიულ შრომით სამსახურში უნდა წავიდეს.

 

„რაც შეეხება მართლმადიდებლებთან მიდგომას, ეს საკითხი რეგულირებულია კონკორდატით. ამ ჩანაწერის ინიციატორი მე არ ვყოფილვარ და თუ ვინმეს არ მოსწონს, თავის დროზე ამოეღო ხმა, როცა კონკორდატთან მიმართებაში იყო მსჯელობა. დღეს ამ მუხლს რომ ვაუქმებ, ჩემი ინიციატივაა, ყველას ეხებოდეს და თუ სხვა ნორმა იცავს, კეთილი ინებონ და ჩემთან ნუ ექნებათ პრეტენზიები, ჰქონდეთ კონკორდატთან“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პარლამენტს სთავაზობს, გაუქმდეს საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით სარგებლობდნენ. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება ბიუროს სხდომაზე დღეს მოხდება.

 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ინიციატივა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ გააკრიტიკა. მისი შეფასებით, სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით კანონპროექტი უგუნური, ერთუჯრედიანი ხალხის მომზადებულია.

 

„რელიგიური მიზნით დისკრიმინაცია არის ყოვლად მიუღებელი“, - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner