logo_geo
eng_logo
გია ვოლსკი: ჩვენი კანონპროექტით სტანდარტი გაცილებით მაღალია
- +

18 მარტი. 2019. 22:32

 

„სტანდარტი, რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის პროექტით შემოდის, ის მაქსიმუმია, რაც ევროპის ქვეყნებმაც კი შეიძლება გაითვალისწინონ - ჩვენი კანონპროექტით სტანდარტი გაცილებით მაღალია“, - აღნიშნული შეფასება უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

 

ვოლსკი ასევე ამბობს, რომ პროექტთან დაკავშირებით უმრავლესობაში განსხვავებული მოსაზრებები არ არსებობს.

 

„სამწუხაროდ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ხმაური თემატიკასთან დაკავშირებით არ ყოფილა. უმრავლესობის მიერ მომზადებულ პროექტში მრავალსაფეხურიანი, სერიოზული ფილტრებია - დაწყებული მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევიდან, საპარლამენტო გასაუბრებით დამთავრებული“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

 

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით რეგულირდება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურა.

 

კანონპროექტი პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა მოამზადა, ხოლო ინიციატორები არიან: - ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი, დავით მათიკაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner