დეპუტატ რომან კაკულიას განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ უმრავლესობის წარდგენილ კანონპროექტზე იმსჯელეს.
მისივე თქმით, საკითხთან გამოითქვა განსხვავებული მოსაზრებები. კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს აღნიშნულ კანონპროექტს, კაკულია საკუთარ პოზიციას არ აკონკრეტებს.
„კანონპროექტზე მხარის დაჭერა დადასტურდება, როდესაც ვიქნებით სხდომათა დარბაზში. დღეს ვიმსჯელეთ ამ თემაზე, განვიხილეთ ყველა დადებითი არგუმენტი, რაც არსებობს და ზოგადად, პოზიციები იყო შეჯერებული. დავუჭერ თუ არა მხარს, ამაზე ვიმსჯელოთ კენჭისყრის შემდეგ. რა თქმა უნდა განსხვავებული მოსაზრებები ყოველთვის არის. გამოითქვა მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რა არის ძირითადი მოტივაცია ამ კანონთან დაკავშირებით. რა ძირითადი მოტივაციები არის ალტერნატიულ კანონპროექტის. ამ თემებზე იყო საუბარი და ხვალ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებებში გამოჩნდება ეს ყველაფერი“, - განაცხადა კაკულიამ.