logo_geo
eng_logo
პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა სალომე ზურაბიშვილის სომხეთში ვიზიტი შეაჯამა
- +

19 მარტი. 2019. 13:43

 

 

„საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთში ვიზიტისას საქართველო - სომხეთს შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა“, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა.

 

როგორც ხატია მოისწრაფიშვილმა აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთში, 13-14 მარტს, ოფიციალური ვიზიტი გამართა და სომხეთის რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირებს, პრეზიდენტს, პრემიერს, ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს და სომხეთის ეკლესიის მეთაურს შეხვდა.

 

მოისწრაფიშვილის თქმით, შეხვედრებზე სალომე ზურაბიშვილმა საქართველო - სომხეთს შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

მოისწრაფიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მოლაპარაკებებისას ორი ქვეყნის განვითარებისათვის რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის მნიშვნელობაზე, კონფლიქტების გადაწყვეტასა და გამოწვევებზე გამკლავების გზებზე ისაუბრა.

 

„აღნიშნა, რომ რეგიონში არსებული გამოწვევების გასამკლავებლად მთავარი და ერთადერთი, უალტერნატივო გზა – საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებზე დაფუძნებული, მშვიდობიანი გზაა, რათა საბოლოოდ გადაწყდეს კონფლიქტები, რომლებიც ჩვენი ქვეყნების წინსვლას და განვითარებას ანელებს. საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რეგიონში არსებული კონფლიქტები არანაირად არ იყოს გადმოტანილი და შემოტანილი საქართველოს ტერიტორიაზე. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოსათვის მნიშვნელოვანია, სომხური, ან აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობდნენ მშვიდობიანად ჩვენს ქვეყანაში და მაქსიმალურად იყვნენ ინტეგრირებულნი ქვეყნის ეკონომიკაში, პოლიტიკაში, თუ კულტურულ ცხოვრებაში“, - აღნიშნა ხატია მოისწრაფიშვილმა.

მოისწრაფიშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა როგორც აზერბაიჯანში ვიზიტისას, სომხეთშიც, საზღვრის დელიმიტაციის გააქტიურების საკითხი წამოწია და აღნიშნა, რომ მეგობარ და მეზობელ ქვეყნებს შორის არ შეიძლება ეს პროცესი უსასრულოდ გრძელდებოდეს.

 

„ახალი იმპულსი უნდა მიეცეს კომისიას და დაუბრუნდეს იმ შეთანხმებას, რომელიც მისი საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში იყო მიღწეული. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველო-სომხეთს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების განახლების საკითხიც დააყენა, რომლის მოქმედებასაც ვადა 2018 ამოეწურა“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner