logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: მუშაობის აქამდე არსებული ტემპი, ალბათ, არ იყო საკმარისი…
- +

25 თებერვალი. 2016. 17:14


„რეპორტიორს" საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე „ქართული ოცნების" საქმიანობაზე ესაუბრა. მისი თქმით, პარტია არ უნდა იყოს აქტიური მხოლოდ საარჩევნო წელს და მუდმივად უნდა მუშაობდეს კადრებთან და საზოგადოებასთან.


„ქართული ოცნება" უფრო საარჩევნო ტიპის პარტიად ჩამოყალიბდა, ყოველ შემთხვევაში, დღემდე ასეა. ალბათ პერიოდულმა არჩევნებმა განაპირობა, რომ მუდმივად არჩევნებზე ვიყავით ორიენტირებულნი. პარტია ვერ იყო აქტიური არჩევნებს შორის პერიოდში, საპრეზიდენტო იქნებოდა ეს, თვითმმართველობის თუ შუალედური არჩევნები. კონცენტრაციის გაკეთება ყველაზე მეტად სწორედ არჩევნების პერიოდში გვიწევდა. ახლა მიმდინარეობს ინსტიტუციური განვითარება, რეგიონული ოფისების სისტემურად აწყობა, ესეც საარჩევნო პერიოდს ემთხვევა. ეს არის რეალობა, რაც გამოსასწორებელია. პარტია არ უნდა იყოს აქტიური მხოლოდ საარჩევნო წელს, მუდმივად უნდა მუშაობდეს კადრებთან და საზოგადოებასთან".


კობახიძემ ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ" 2012 წლიდან დღემდე და აღნიშნა, რომ პარტიას მუშაობა საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში მოუწია.


„მუშაობის აქამდე არსებული ტემპი, ალბათ, არ იყო საკმარისი. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გავაკეთეთ, იყო საერთაშორისო მიმართულებით ჩატარებული საინტერესო სამუშაოები, დავამყარეთ საერთაშორისო კონტაქტები შვედეთის და გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიებთან, ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროპარლამენტში სოციალისტების ჯგუფთან, ისევე, როგორც ევროსაბჭოში და უშუალოდ პარტიის საერთაშორისო საქმიანობა ხელშესახები გახდა, განსაკუთრებით 2015-2016 წლებში. ასევე აქტიურად ვთანამშრომლობდით საერთაშორისო ინსტიტუტებთან, რომლებიც პარტიის გაძლიერებაზე მუშაობენ და მაგალითად, სამოქმედო გეგმაზე იმუშავეს გენდერული თანასწორობის და ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაზრდის კუთხით, ჩავატარეთ გენდერული აუდიტიც. გავაკეთეთ სამოქმედო გეგმის გარკვეული პროექტიც.

 

დღეს ძალიან აქტიურად მიმდინარეობს რეგიონული კონფერენციები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარტიისთვის, რომელიც 2012 წელს, საკმაოდ მძიმე ვითარებაში არჩევნებამდე ჩამოყალიბდა, შექმნა კოალიცია, გახდა ლიდერი  პარლამენტში და აქვს ყველაზე დიდი ფრაქცია. მუშაობა მოუწია საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში", - განაცხადა მანანა კობახიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner