logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ბოიკოტი იმ პროვოკაციის გაგრძელებაა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კორცხელში დაიწყო
- +

25 მაისი. 2016. 22:24



„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე საპარლამენტო საქმიანობისათვის ბოიკოტის გამოცხადების შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას  პროვოკაციის გაგრძელებად აფასებს.


პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა  ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტისათვის საბაბს ეძებდა, რათა მათ გარკვეულ ინიციატივებზე თავი ემართლებინათ.



„რაც შეეხება ბოიკოტს-ეს არის იმ პროვოკაციის გაგრძელება, რომელიც დაიწყო „ნაციონალურმა მოძრაობამ" კორცხელში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც არაერთხელ ვთქვი, ეს იყო ძალიან მძიმე, ბინძური  პროვოკაცია.  ეს ახასიათებს „ნაციონალურ მოძრაობას", ეს არის მათი ხელწერა. სწორედ ამ პროვოკაციის გაგრძელებაა ის ბოიკოტი, რომელზეც ისინი დღეს საუბრობენ. მათ კიდევ ერთხელ ამოძრავებთ ის მიზანი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ეს არის დიპლომატიური კორპუსისათვის მცდარი წარმოდგენის შექმნა იმის თაობაზე, თითქოს  პოლიტიკურ პროცესებში დესტაბილიზაციას აქვს ადგილი.

 

ეს  მათ ნამდვილად არ გამოუვათ. კიდევ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი. „ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა გარკვეული ინიციატივები. მათ ჰქონდათ იმედი, რომ 76 ხმას მოაგროვებდნენ ამისათვის. განსაკუთრებით ყურადღებას გავამახვილებ ე.წ.  გერმანულ საარჩევნო მოდელზე. ისინი ხედავენ, რომ არანაირი რესურსი ამ 76 ხმის მოგროვების არ აქვთ და შესაბამისად,  ბუნებრივია, ეძებდნენ საბაბს იმისთვის, რომ თავი ემართლებინათ ამ ყველაფრისათვის. ბოიკოტი ამისთვის იყო მათთვის კარგი საშუალება"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner