„ჩვენ არ ვზღუდავთ არცერთ კანდიდატს, არცერთ კვალიფიციურ იურისტს, შეიტანოს განაცხადი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. არ ვაწესებთ ბარიერს, რომ გაურიგდეს, იცნობდეს იუსტიციის საბჭოს წევრს და მხოლოდ ამის შემდეგ, დაასახელოს საბჭოს წევრმა. ჩვენ არ გვინდა ნაცნობობაზე, გარკვეულ გარიგებებზე იყოს ეს დაფუძნებული“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას.
„ჩვენ გთავაზობთ ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაფუძნებულ მოდელს, საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამის, დემოკრატიულ, განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებულ მოდელს, რომელიც ეფუძნება კონსტიტუციონალიზმის თანამედროვე ტენდენციებს, რომელიც იცავს ბალანსს კონსტიტუციურ ორგანოებს შორის - იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტს შორის. ჩვენი კანონპროექტით გთავაზობთ ხუთ ეტაპიან ხანგრძლივ პროცედურას, რომელიც იწყება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, შემდგომ პროცესი გადმოდის პარლამენტში და პარლამენტი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
ჩვენ ვითვალისწინებთ რა იმ პოლიტიკურ მოცემულობას, რა მოცემულობაშიც ვართ, ნებისმიერ საკითხზე მსჯელობას აქვს თავისი პოლიტიკური მიზანშეწონილობა, ჩვენ ვითვალისწინებთ ამას, მაგრამ არ შეიძლება საკითხი გადაწყდეს, მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობით. არსებობს სამართლებრივ ნორმათა იერარქია, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, არსებობს კონსტიტუციურ ორგანოთა უფლებამოსილება. ჩვენ ვჯდებით ამ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპში, ვითვალისწინებთ რა პოლიტიკურ მიზანშეწონილობას, ვამბობთ, რომ როდესაც ნებისმიერ მაღალკვალიფიციურ იურისტს ექნება შესაძლებლობა განაცხადი შეიტანოს იუსტიციის საბჭოში, მხოლოდ 18 პირი კი არ გადავიდეს პირდაპირ შემდგომ ეტაპზე, არამედ ორნახევარჯერ მეტი რაოდენობის კანდიდატი. თუ იუსტიციის საბჭოს წევრი იქნება კანდიდატი, ამ ადამიანს არ ექნება უფლება, ხმა მისცეს საკუთარ თავს. მას გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლება არ ექნება. საბჭოს წევრებთან გასაუბრება ტარდება ინდივიდუალურად და ეს უნდა იყოს საჯარო; საბჭოს წევრები კანდიდატებს აფასებენ ქულებით“, - განაცხადა ოხანაშვილმა
მისი თქმით, ეს არის ძირითადი პრინციპი, რატომაც ვამბობთ რომ პროცესი წარიმართება მაქსიმალურად ხანგრძლივად, ყოველგვარი ფორსირების გარეშე. მაქსიმალურად გამჭვირვალედ, საჯაროდ, ღიად.
„ეს არის უპრეცენდენტო პროცედურა, არ არსებობს მსგავსი ფორმით რომელიმე ქვეყანაში, ასეთი გამჭვირვალობით ჩატარების პროცედურა. ესეც პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. ეს არის პროექტი, რომელიც ეფუძნება, კიდევ ერთხელ, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე არის ნაკარნახევი და პასუხობს ყველა იმ კრიტიკას, რაც გაჩნდა საზოგადოებაში, რაც ჩვენ არ მოგვეწონა. ჩვენ არ მოგვეწონა ის პროცესი, რითიც წარიმართა სიის წარმოდგენა, რის გამოც, საპარლამენტო უმრავლესობამ, ქართული ოცნების გუნდმა შეაჩერა ეს პროცესი. ჩვენ ვწერთ პროცედურას და შესაბამისად, ასეთი პროცედურის დაცვით მივალთ კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე. ჩვენ ინდივიდუალურად კენჭს ვუყრით საქართველოს პარლამენტში, შემდგომ კანდიდატებს და მივიღებთ ღირსეულ გადაწყვეტილებას.
ვენეციის კომისიის საკითხზეც მოგახსენებთ: ჩვენ ველოდებით ვენეციის კომისიის მოსაზრებებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით გადაიგზავნა ჩვენი კანონპროექტი ვენეციის კომისიაში მოსაზრებების წარმოსადგენად. ჩვენ დაველოდებით მათ მოსაზრებებს, არ დავიწყებთ მეორე მოსმენით განხილვას, შევაჯერებთ პოზიციებს, ვიმსჯელებთ მათ მოსაზრებებზე და ისე წარვსდგებით მეორე მოსმენით განხილვისთვის”, - განაცხადა ოხანაშვილმა.