logo_geo
eng_logo
დღეს პარლამენტში თეა წულუკიანს მოუსმენენ
- +

20 მარტი. 2019. 11:53

 

მინისტრის საათის ფარგლებში, პარლამენტში დღეს მოხსენებით იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წარდგება. საპარლამენტო ტრიბუნიდან მინისტრი ყურადღებას სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და დაგეგმილ პროექტებზე გააკეთებს.

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობას მინისტრთან მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით ექნება კითხვები. როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, ახალი რეგლამენტის ფარგლებში პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია აღმასრულებელ ხელისუფლებაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა.

 

„ახალი რეგლამენტის ფარგლებში ჩვენ ვხედავთ, რომ მინისტრები საქართველოს პარლამენტის ძალიან ხშირი სტუმრები არიან. ეს ნიშნავს იმას, რომ საპარლამენტო ცხოვრება გადავიდა სრულიად ახალ დღის წესრიგზე. ეს ნიშნავს იმას, რომ მინისტრების მიმართ და აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ საპარლამენტო ზედამხედველობა გაცილებით გაიზარდა და ეს არის მხოლოდ პოზიტიური.

 

ქალბატონ თეასთან გვექნება უამრავი კითხვა, მათ შორის მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით, უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

იუსტიციის მინისტრის მიმართ კითხვები ექნება საპარლამენტო ოპოზიციასაც. მათი კითხვები სასამართლო ხელისუფლების რეფორმას და გახმაურებულ სამართლებრივ საქმეებს შეეხებათ. დეპუტატები ასევე დაინტერესდებიან, თუ რა იყო თეა წულუკიანსა და მმართველ გუნდს შორის უთანხმოების მიზეზი.

 

„პოლიტიკოსებს და დეპუტატებს აინტერესებთ, თუ რა იყო პრემიერ-მინისტრსა და მას შორის დაძაბულობის თემა და როგორ განიმუხტა ეს სიტუაცია, ვინ რა დათმო“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

 

მიმდინარე კვირას პარლამენტარები კიდევ ორ მინისტრს მოუსმენენ. საკანონმდებლო ორგანოში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს ელოდებიან. კვირის ბოლოს კი, პარლამენტში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სიტყვით გამოვა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner