„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას, როგორც ჩანს, თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილი ნათელ ოთახში წერდა და ახლა იუსტიციის საბჭომ ბნელ ოთახში დაწერა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც უმრავლესობის მიერ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ინიცირებულ კანონპროექტზე ისაუბრა.
კობახიძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტი არის ერთადერთი იმ სამ კანოპროექტს შორის, რომელიც კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება.
„ჩვენს მიერ მომზადებული კანონპროექტი არის ერთადერთი კანონპროექტი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. წარმოდგენილია სამი სხვადასხვა კანონპროექტი და არც ერთი მათგანი არ არის შესაბამისობაში კონსტიტუციასთან. დეკემბერში იქნა წარმოდგენილი მოსამართლეთა ათკაციანი სია, კრიტიკა იყო ამაზე. მიუხედავად იმისა, რომ არც კანონი და არც კონსტიტუცია არ იყო დარღვეული სიის წარმოდგენისას, ჩვენ გავიზიარეთ საზოგადოების გარკვეული ობიექტური კრიტიკა და განვაცხადეთ, რომ არ განვიხილავდით ამ სიას და დავიწყებდით კრიტერიუმების გაწერაზე მუშაობას. მაშინ საბჭომ იხელმძღვანელა იმ ტრადიციით და პრაქტიკით, რომელიც იყოს ჩამოყალიბებული საქართველოში.
როგორც გახსოვთ, პრეზიდენტები წარადგენდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს და არასდროს ამას არ შეხვედრია კრიტიკა, მათ შორის იმ „ენჯეოების“ მხრიდანაც, რომლებიც არიან დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“ და რომლებიც დღეს ასე მწვავედ აკრიტიკებენ იუსტიციის საბჭოს მიერ ერთ დღეში კანდიდატების წარდგენას. როგორც ჩანს, თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილი ნათელ ოთახში წერდა სიებს და ახლა იუსტიციის საბჭომ ბნელ ოთახში დაწერა ის სია, რომელიც იქნა წარმოდგენილი. ჩვენ გავიზიარეთ კრიტიკა და დავიწყეთ მუშაობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, არც ერთ ქვეყანაში ასეთი ღია და გამჭვირვალე პროცედურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესებისთვის არ არის დადგენილი.
„ჩვენ მიზნად დავისახეთ ღია და გამჭვირვალე პროცედურის გაწერა, რომელიც იქნებოდა რამდენიმესაფეხურიანი და მას აქვს ის დატვირთვა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს დაკვირვების საშუალება. ამ პროცედურას ანალოგი არ აქვს და ის არის უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე. არც ერთ ქვეყანაში ასეთი ღია და გამჭვირვალე პროცედურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესებისთვის დადგენილი არ არის. თუ რამდენიმე კენჭისყრა იწვევს გაუგებრობას, შეგვიძლია დავუბრუნდეთ ერთ კენჭისყრას, რაც დეკემბერში იყო კრიტიკის საგანი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.