რამდენად იცოდნენ მთავრობის წარმომადგენლებმა, რა პრობლემებზე ისაუბრებდა სალომე ზურაბიშვილი სომხეთში ვიზიტისას და საჭიროა თუ არა სომხეთთან აქტიური ურთიერთობის შენარჩუნება - ამასთან დაკავშირებით ექსპერტი მამუკა არეშიძე, „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრობს.
„მართალია, მთავრობას განცხადება არ გაუკეთებია საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით სომხეთში, მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ: სალომე ზურაბიშვილი არსად ისე არ მიდის, რომ კონკრეტულ ქვეყანასთან დაკავშირებული საკითხები მთავრობასთან ერთად არ ჰქონდეს დამუშავებული. რაც მან თქვა, აუცილებლად იქნებოდა განხილული მთავრობის წარმომადგენლებთან. ერთიცაა, სერიოზულმა სომხურმა ისტებლიშენტმა კარგად იცის, რატომ ჩავიდა საქართველოს პრეზიდენტი პირველად აზერბაიჯანში. ისიც კარგად იციან, რომ სალომე ზურაბიშვილი, სადაც არ უნდა ჩავიდეს, საქართველოს წარმოადგენს, თუმცა მის სამუშაო პორტფელში აუცილებლად არის გზავნილები ევროპიდანაც.
რა თქმა უნდა, სომხეთი ჩვენი მნიშვნელოვანი მეზობელია, რომელთანაც აქტიური ურთიერთობა გვჭირდება, თუნდაც ვითარების დაბალანსებისათვის, მაგრამ ცნობილია, რომ შუბი ხალთაში არ იმალება და ამიტომ აუცილებელია ურთიერთპრეტენზიების განხილვა და პრობლემების მოგვარება“,- აღნიშნა მამუკა არეშიძემ.