ავტორი თამუნა პეტრიაშვილი
19 მარტს, საღამოს 7 საათზე, ქართული ბომონდის წარმომადგენლები და „მის ანოუკის“ მომხმარებლები თარხნიშვილის ქუჩაზე ანუკა არეშიძის მაღაზიაში შეიკრიბნენ და დიზაინერის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას გაეცნენ. საღამოზე ასევე წარმოდგენილი იყო ანუკის შემოდგომის კოლექცია, რომლის შეძენაც მომხმარებელს ადგილზე შეეძლო...
საღამო მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, სტუმარიც საკმაოდ ბევრი იყო და მასპინძლობასაც თავად დიზაინერი უწევდა, რომელიც მისივე შექმნილი სამოსით იყო წარმოდგენილი და ვარდისფერი ზედატანით იწონებდა თავს... ვარდისფერი „ანოუკის“ დომინანტი ფერია... სამოსთან ერთად ასევე იყო წარმოდგენილი ფეხსაცმელი, ანუკის საფირმო თმის ბაფთები და აქსესუარები...
„რეპორტიორი“ დიზაინერ ანუკა არეშიძეს მოდის ტენდენციებზე და მომავალ გეგმებზე გაესაუბრა.
ანუკა არეშიძე: პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობრებს, მომხმარებელს, რომ დღევანდელი დღე შედგა, თან ასე სასიამოვნო ვითარებაში ჩაიარა. წარმოდგენილი გვქონდა გაზაფხული-ზაფხულის 2019 წლის კოლექცია. როგორც ყოველთვის, წელსაც მოდაშია ნათელი ფერები, ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ და ზაფხულსაც უხდება სიჭრელე... საკმაოდ ბრჭყვიალა, ხალისიანი და დახვეწილი კოლექცია გამოგვივიდა. ვარდისფერი, წითელი და თეთრი დომინირებს
- კოლექციაში ჭარბობს ვარდისფერი, თქვენი საყვარელი ფერია?
- „მის ანოუკის“ დომინანტი ფერი ვარდისფერია, ვთვლი, რომ ძალიან ელეგანტური და დახვეწილი ფერია, და ჩვენი კოლექცია იხდენს ამ ფერს.
- გზა მოდელობიდან დიზაინერობამდე, ალბათ, რთული იყო?
- სულ ვამბობ, ყველაფრის თავიდან დაწყება რომ მომიწიოს, ისევ გავივლიდი იმავე გზას, მოდელობამ მომცა ძალიან დიდი გამოცდილება, ურთიერთობები... ეს ჩემთვის არ იყო გატაცება და ბავშვური ახირება, თუმცა, თავისი დრო აქვს ყველაფერს, ჩემი ცხოვრების არცერთ ეტაპს არ ვნანობ... დღევანდელი გადმოსახედიდან ვთვლი, რომ გამიმართლა და ვაკეთებ იმ საქმეს, რაც მიყვარს, ალბათ, გამომდის კიდეც, უკმაყოფილო მომხმარებელი არ მყავს.... თითოეული მათგანის აზრს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და ვცდილობ, ყოველთვის გავითვალისწინო რჩევები და მივყვე მსოფლიო მოდის ტენდენციებს.
- სამომავლო გეგმები...
- აქტიურად ვემზადებით თბილისის მოდის კვირეულისთვის, ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად ჩაივლის.