logo_geo
eng_logo
მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების ექსპორტიორ-იმპორტიორებთან შეხვედრა გაიმართა
- +

25 თებერვალი. 2016. 17:36


საქართველოს ბიზნესომბუდსმენი, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების ექსპორტიორი, იმპორტიორი და გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის ძირითადი თემა მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებული კანონის ამოქმედების ვადები იყო.


ბიზნესი კანონის ამოქმედების გადავადებას ითხოვს, რადგან მიიჩნევს, რომ ახალი რეგულაციების მარტიდან ამოქმედება მათ დამატებით პრობლემებს შეუქმნის.


ბიზნესომბუდსმენმა ექსპორტიორების არგუმენტები მოისმინა და მათ აღნიშნული საკითხის მთავრობასთან განხილვას დაჰპირდა. გიორგი გახარიამ ბიზნესის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ კანონის ამოქმედებამდე განიხილება ვერსიები, როგორ მოხდეს მისი იმპლემენტაცია ისე, რომ იმპორტიორებს პრობლემები არ შეექმნათ და ამავე დროს შენარჩუნდეს ის სარგებელი, რაც კანონის ამოქმედებას უნდა მოჰყვეს. გიორგი გახარიას განცხადებით, პრაქტიკულად უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კანონი ერთი წელი არ ამოქმედდება.


შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ექსპორტიორები და ბიზნესომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები სამუშაო რეჟიმში მოლაპარაკებებს განაგრძობენ, რათა ერთობლივად შეიმუშაონ გეგმა, რომელიც შემდგომ განსახილველად მთავრობას წარედგინება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner