საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„2016 წელს მე-9 მოწვევის პარლამენტის არჩევისთანავე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ზვიად კვაჭანტირაძის მიწვევით დავიწყეთ საქმიანობა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოში. საყურადღებოა, რომ კომიტეტის ახლად არჩეული თავმჯდომარის ეს ინიციატივა იყო პირველი მცდელობა საპარლამენტო კომიტეტისა და სამეცნიერო წრეების მჭიდრო თანამშრომლობისა, რაც ჩვენი აზრით წარმატებულად განხორციელდა და იმედი გვაქვს, რომ შემდგომშიც წარმატებულად გაგრძელდება.
კომიტეტის თავმჯდომარის ზვიად კვაჭანტირაძის ინიციატივით დიასპორისა და კავკასიის საკითხებში ოცამდე სპეციალისტი (მეცნიერი, მკვლევარი და ექსპერტი) საზოგადოებრივ საწყისებზე გავერთიანდით საბჭოში შექმნილ სამ სამუშაო ჯგუფში (დიასპორის, მიგრაციისა და კავკასიის მიმართულებებით) და კომიტეტის აპარატთან ერთად დავიწყეთ მუშაობა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან, დიასპორულ ორგანიზაციებთან, კავკასიელ ხალხებთან. ჩვენი მიზანი იყო, ხელი შეგვეწყო კომიტეტისათვის დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სფეროებში არსებული გამოწვევების შესწავლასა და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაში.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ უცხოეთში მცხოვრები თანამემულის სტატუსის ახლებურად გააზრების მიზნით, კომიტეტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, კომიტეტის აპარატთან ერთად, შემუშავდა „უცხოეთში მცხოვრები თანამემულეებისა და დიასპორული ორგანიზციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე“ საქართველოს კანონის ორი პროექტი. პირველი პროექტი ითვალისწინებდა უცხოეთში მცხოვრები თანამემულისათვის დამატებითი პრივილეგიების მინიჭებას, მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებას, ინვესტიციების განხორციელებისას სახელმწიფო მხარდაჭერას და სხვა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს, ხოლო მეორე კი - უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა გაერთიანებების მიერ დიასპორული ორგანიზაციის სტატუსის მოპოვების, დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის და დიასპორული ორგანიზაციების აღრიცხვიანობის თაობაზე შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფას, ევროპასთან ინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით.
საყურადღებოა, რომ კომიტეტის თავმჯდომარემ სრულად გაიზიარა საბჭოს წევრების ინიციატივა კავკასიოლოგის დარგში „არნოლ ჩიქობავას სახელობის სამეცნიერო პრემიის“ დაწესების თაობაზე და პირადად მიმართა საქართველოს მთავრობას. კომიტეტის თავმჯდომარე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა კავკასიოლოგიის თანამედროვეგამოწვევების განხილვასა და სახელმწიფოსთვის კავკასიოლოგიის განვითარების მნიშვნელობას.
ორი წლის მანძილზე კომიტეტის თავმჯდომარესთან, კომიტეტის წევრებთან და კომიტეტის აპარატთან ერთობლივი საქმიანობა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს საფუძველს გვაძლევს არ გავიზიაროთ და არ დავეთანხმოთ საქართველოს პარლამენტის ზოგიერთი წევრის შეფასებას დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის საქმიანობის შესახებ, რადგანაც ჩვენი მონაწილეობით კომიტეტში ბევრი საყურადღებო იდეა განხორციელდა.
გარდა ამისა, საკონსულტაციო საბჭოს წევრებს მიგვაჩნია, რომ აუცილებელია საფუძვლიანად იქნეს შესწავლილი დიასპორული და კავკასიის პოლიტიკის სფეროში არსებული გამოწვევები და მოხდეს გრძელვადიანი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობით. სწორედ ამ მიმართულებით საქმიანობდა ჩვენი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო. ბოლოს, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო მადლობას უხდის ბატონ ზვიად კვაჭანტირაძეს გაწეული საქმიანობისათვის და უსურვებს მას შემდგომ წარმატებულ მოღვაწეობას.
ბარამიძე ცირა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი.
დაუშვილი რუსუდან - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
კობახიძე რუსუდან - თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმის ხელმძღვანელი, მკვლევარი.
ლომიძე ნანა - საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო პლატფორმა - გადაცემა „მიგრაციის მარშუტების“ ავტორი, რედაქტორი.
რუსეცკია ლექსანდრე - კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი.
ფუტკარაძე ტარიელ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი.
ქართველიშვილი ლელა - ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილი) საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტი.
შეყილაძე მანანა - არასამთავრობო ორგანიზაცია „განათლება და ახალი ტექნოლოგიების“ ხელმძღვანელი, ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის თავმჯდომარე, ისტორიის დისტანციური სწავლების სპეციალისტი.
ცხოიძე ნინო - საერთაშორისო ფონდის „დიასპორათა ცენტრი საქართველოში“ თავმჯდომარის მოადგილე, ჟურნალისტი.
როზეტა გუჯეჯიანი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიის დოქტორი, ეთნოლოგი.
სარაჯიშვილი ზაალ - დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის პრეზიდენტი“, - წერია საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.