logo_geo
eng_logo
არგენტინის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ სქართველოში ვიზიტის სურვილი გამოთქვა
- +

20 მარტი. 2019. 22:33

 

საქართველოსა და არგენტინას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობისა და ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს და ამ მხრივ საპარლამენტო განზომილების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და არგენტინის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ ემილიო მონსომ ქ. ბუენოს აირესში გამართული შეხვედრის დროს.

 

მინისტრმა მადლობა გადაუხადა არგენტინას საქართველოს მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისტორიული ფესვები აქვს და აღნიშნა, რომ საქართველოში დღესაც აფასებენ არგენტინის ისტორიულ მხარდაჭერას 1919 წელს, როდესაც ბუენოს-აირესმა ერთ-ერთმა პირველმა აღიარა საქართველოს მისწრაფება თავისუფლებისკენ.

 

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს პარლამენტარიზმის 100 წლის საიუბილეო თარიღის მნიშვნელობას და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე საქართველოში მიიწვია. ემილიო მონსომ დაადასტურა საქართველოში უახლოს მომავალში ვიზიტის განხორციელების სურვილი.

 

მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს ბოლო პერიოდში არგენტინასა და საქართველოს შორის როგორც პოლიტიკური, ასევე სექტორალური მიმართულებით არსებულ აქტიურ ურთიერთობებს.

 

დადებითად შეფასდა თანამშრომლობის საპარლამენტო მიმართულება და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები (აღსანიშნავია, რომ არგენტინის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი 2018 წლის 26 სექტემბერს დაფუძნდა).

 

ქართულმა მხარემ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, საქათველოსთვის ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარების პრიორიტეტულობას და ამ მხრივ არგენტინის მნიშვნელოვან როლს. განსაკუთრებით აღინიშნა ის უდიდესი პოტენციალი, რაც არსებობს ორი ქვეყნას შორის სავაჭრო ურთიერთობების, ბიზნეს წრეების დაახლოების, ასევე ხალხთაშორისი და კულტურული კონტაქტების გაღრმავებისთვის, სწორედ კავშირების შემდგომ გაღრმავებას ემსახურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი არგენტინაში.

 

შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა არგენტინის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგის შესახებ, აღნიშნა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წარმატებები, და საქართველოს როლი რეგიონში.

 

აღსანიშნავია, რომ დეპუტატთა პალატაში გამართულ შეხვედრას, ასევე ესწრებოდა არგენტინის პარლამენტში საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბეატრის ავილა.

 

საგარეო საქმეთა მინისტრი არგენტინას, ლათინური ამერიკის ტურნეს ფარგლებში სტუმრობს და „სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობის“ მაღალი დონის კონფერენციაში მონაწილეობს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner