საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბუენოს-აირესში მიმდინარე გაერო-ს მაღალი დონის შეხვედრის „სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობა“ ფარგლებში მოზამბიკის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრს ხოსე კონდუგუა ანტონიუ პაჩეკო შეხვდა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მოზამბიკს ცუნამის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა გამო მიუსამძიმრა და მზადყოფნა გამოთქვა. საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად აქტიურად ჩაერთოს სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის პროცესში.
მინისტრებმა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ორი ქვეყნის თანამშრომლობა დადებითად შეაფასეს და ორმხრივი ურთიერთობის განვითარების მიმართულებები მიმოიხილეს. ქართულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა უმასპინძლოს მოზამბიკის დელეგაციას, როგორც ორი ქვეყნის საგარო საქმეთა სამინისტროებს შორის, პოლიტიკური კონსულტაციების მეორე რაუნდის გამართვის, ასევე საქართველოს წარმატებული რეფორმების გაცნობის მიზნით ისეთ სფეროებში, როგორიც არის სახელმწიფო მომსახურება, ჯანდაცვა, დემოკრატიული განვითარება, კარგი მმართველობა. ასევე აღინიშნა განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. მინისტრებმა კმაყოფილება გამოთქვეს მოზამბიკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის გამო.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მოზამბიკელ კოლეგას გაეროს მსოფლიო სურსათის ორგანიზაციის (FAO) პრეზიდენტის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატი დავით კირვალიძე წარუდგინა. ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს კანდიდატის მნიშვნელოვან პროფესიულ გამოცდილებას და მის ხედვებს, რომელიც პასუხობს მცირე და განვითარებადი ქვეყნების მოთხოვნებს სოფლის მეურნეობის, აგრარული და სურსათის სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევის გზაზე. მოზამბიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოხატა დაინტერესება საქართველოს კანდიდატისგან პირადად მოესმინა სამოქმედო გეგმა და პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში საქმიანობის მთავარი პრინციპები.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა მოზამბიკს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და გამოთქვა იმედი, რომ მოზამბიკი მომავალშიც მოახდენს საქართველოს მხარდაჭერას საერთაშორისო ფორმატებში.