„გიგა ოთხოზორია მთელ საქართველოს მოუკლეს და ეს მთელი ქვეყნის წუხილია" - განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა, მანანა კობახიძემ გადაცემა 2030-ში.
„ეს ფაქტი ხელისუფლებასა და ხალხს გვაძლევს ძალას, საოკუპაციო რეჟიმთან ბრძოლაში შეურიგებლები ვიყოთ. არანაირი დათმობა არ უნდა იყოს, მაგრამ ეს პრობლემა მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს. პროვოკაციები მიზანმიმართულად ხორციელდება, რომ ჩვენ აღარ ვიფიქროთ ნდობის აღდგენაზე, შერიგებაზე და დეოკუპაციის მშვიდობიანი გზებით მიღწევაზე. ჩვენს მოწინააღმდეგეს უნდა, ასეთ მძიმე ფაქტებზე წამოვეგოთ და სამშვიდობო პროცესი კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ. ვფიქრობ, აფხაზებიც უნდა დაფიქრდნენ, რადგან არა მგონია, ისინი მშვიდად ცხოვრობდნენ, იმ პირობებში, როცა ვითომდა მცველები ჰყავთ", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
ვიცესპიკერმა 2011 წლის 26 მაისს, მშვიდობიანი აქციის სასტიკად დარბევასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაზარალებულთა საქმეების გამოძიება აუცილებლად უნდა მოხდეს.
„პროკურატურას ძალიან მძიმე ტვირთი აწევს, რადგან უწყებაში ათასობით საჩივარია, მაგრამ პროკურატურამ უნდა მოახერხოს და ყველა დაზარალებულისთვის შედეგი უნდა დადგეს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა დიდხანს იმუშავა და დაამუშავა ძალიან მნიშვნელოვანი მასალა წლების განმავლობაში, მოქალაქეების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის ფაქტთან დაკავშირებით. შესწავლილ იქნა, რა რეჟიმთან გვქონდა საქმე და რა ტიპის დანაშაულებს ჰქონდა ადგილი. არსებობს დოკუმენტი, რომელიც ძალიან მალე გასაჯაროვდება", - განაცხადა მანანა კობახიძემ.