ავტორი მარიკო რიჟამაძე
პარლამენტში განათლების სამინისტროსა და გლდანის N20 სამაჟორიტარო ოლქის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი N20 სამაჟორიტარო ოლქში განლაგებულ 10 საჯარო სკოლში არსებული პრობლემატიკის დეტალიზაცია იყო. განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობამ წარადგინა 2019 წლის პროექტები და სამოქმედო გეგმა თითოეული სკოლის მიხედვით, თუ რა სამუშაოები იგეგმება რეაბილიტაციის თვალსაზრისით.
„ჩვენ შეხვედრა გვქონდა დაახლოებით 10 სკოლის დირექტორთან, განიხილებოდა ინფრასტრუქტურული საკითხები, კერძოდ რა არის დაგეგმილი 2019 წელს თითოეული სკოლის მიხედვით როგორია სამოქმედო გეგმა ინფრასტრუქტურული რეაბილიტაციის მიმართულებით“, - განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანმა.
გლდანის N20 ოლქის მაჟორიტარის კობა კობალაძის თქმით, გლდანის სამაჟორიტარო ოლში შემავალი 10 სკოლიდან 6 ჩართულია საპილოტე პროგრამაში, რომლის მიზანია მოსწავლეებისთვის განათლების მიღება უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში.
„სახელმწიფოში აღებულია სტრატეგია საერთო-საგანმანათლებლო რეორგანიზაციის, რეფორმის და შედეგიანობის თვალსაზრისით იმიტომ, რომ ძლიერ სახელმწიფოს ქმნის ძლიერი და განათლებული ახალგაზრდობა. დღევანდელი დღე მივუძღვენით იმას, რომ ჩვენს სამაჟორიტარო ოლქში არის 10 საჯარო სკოლა, მათგან 6 ჩართულია საპილოტე პროგრამაში. შევხვდით დირექტორებს. იყო აქტიური განხილვა ინფრასტრუქტურული პროექტების და იმ ძირითადი გარემოს, სადაც მოსწავლეებმა უნდა მიიღონ განათლება და უფრო კომფორტულად იგრძნონ თავი. შეხვედრაში მონაწილეობდნენ განათლების მინისტრის მოადგილეები. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მათ იმიტომ, რომ ნებისმიერი საკითხი არის ოპერატიულად მობილურად და რაც მთავარია სრული პასუხისმგებლობით გაკეთებული“, - განაცხადა გლდანის N20 ოლქის მაჟორიტარმა კობა კობალაძემ.
სკოლის დირექტორების თქმით, სწავლების ხარისხის ამაღლებისთვის სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და უსაფრთხო გარემოს შექმნა აუცილებელია.
„ჩვენ ძალიან დაგვეხმარა ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი, ბატონი კობა კობალაძე. ქალაქის საკრებულოს მუნიციპალური განვითარების პროექტის გეგმაში ჩაისვა სარეაბილიტაციოდ სკოლები, ერთ-ერთი ჩვენი სკოლაც არის. უდიდესი მადლობა მინდა გამოვხატო ყველა ზემდგომი ორგანოს მიმართ, ჩვენი ხელმძღვანელობის მიმართ. იმედია, ასეთი თანამშრომლობა მომავალში განაპირობებს წინსვლას და წარმატებას“ , - განაცხადა 167-ე სკოლის დირექტორმა ელენე ფუტკარაძემ.
„დღევანდელი შეხვედრა სასიამოვნო იყო. დაწვრილებით გავიგეთ. თუ რა კეთდება სკოლებში, მაგალითად. ჩემი სკოლა არის ერთ-ერთი უძველესი სკოლა გლდანის რაიონში, ისეთ მდგომარებაშია, რომ გასაკეთებელია ყველაფერი და გავიგეთ, რომ ისეთი თანხა არის გამოყოფილი, რომ სკოლა დაემსგავსება ისეთ სკოლას, რომელიც თბილის-ქალაქს ეკადრება“, - განაცხადა 160-ე სკოლის დირექტორმა გიორგი კაკაჩიამ.
„ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით. სამწუხაროდ, ხშირად არ გვეძლევა საშუალება, შევხვდეთ ჩვენი სამინისტროს ინფრასტრუქტურის წარმომადგენლებს და პირადად გავიგოთ ინფორმაცია მათგან. გავერკვიეთ და გავეცანით, რა პრიორიტეტები აქვს ინფრასტრუქტურის მხრივ განსაზღვრული. ძალიან სასიხარულოა, რომ ჩემი სკოლა და ძალიან ბევრი სკოლა, რომელიც აქ მოწვეული იყო, უკვე ჩასმულია ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ორმაგად სასიამოვნოა, რომ მაჟორიტარმა პარლამენტარმა ასეთი ორგანიზება გაუკეთა ამ შეხვედრას. კარგი იქნება, თუ უფრო აქტიური სახე მიეცემა ჩვენს თანამშრომლობას“, - განაცხადა 136-ე სკოლის დირექტორმა ელზა ბადაშვილმა.
შეხვედრას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები ნათია ზედგენიძე-ჯიშკარიანი, ირინე აბულაძე, გლდანის N20 მაჟორიტარი დეპუტატი კობა კობალაძე და ამ ოლქში შემავალი სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ.