რა კომენტარს აკეთებს მამუკა არეშიძე 15 მარტს ხურვალეთში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით და როგორ აფასებს ის დავით ქაცარავას ჯგუფის აქტივობებს - ამასთან დაკავშირებით მან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ხურვალეთში მომხდარი ინციდენტი პირველი არ ყოფილა და არც ბოლო იქნება. რუსეთის ამგვარი მოქმედება ორიენტირებულია საქართველოს სახელმწიფოს სისუსტის ხაზგასმაზე. ლაპარაკი მარტო იმაზე კი არ არის, რომ რუსეთი საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციასა და დასუსტებას ცდილობს, არამედ მუდმივად გვაჩვენებს იმას, რომ ძალა მის მხარესაა. სავარაუდოდ, რუსმა სამხედროებმა მართლაც გადმოკვეთეს მცირე დროით საოკუპაციო ხაზი. რუსების მოქმედება იმ შედეგზე იყო ორიენტირებული, რაც საბოლოოდ მათ მიიღეს კიდეც- აჟიოტაჟი სოციუმში, დაპირისპირება სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის და რაც მთავარია, მათ გამოიწვიეს პანიკა, რასაც მშვენივრად შეუწყვეს ხელი იმ საზოგადოებრივმა აქტივისტებმა, რომლებმაც ვითარებაში გაურკვევლად დაიწყეს ინფორმაციის გავრცელება, თან გაზვიადებით.
ქაცარავას ჯგუფი ხშირად კარგ საქმეს აკეთებს, თუნდაც იმით, რომ ჩვენს საზოგადოებას მუდმივად ახსენებს ზემოხსენებულ პრობლემას, მაგრამ გადაჭარბება არაფერში ვარგა, ხურვალეთის შემთხვევაში მათ „მგელი მოდის“ პრინციპით იმოქმედეს. მუდმივად იმის ძახილი, რომ ერთ გოჯ მიწასაც არ დათმობ, სწორია, მაგრამ გადაუმოწმებელი ინფორმაციის ხალხისათვის მიწოდება გაუმართლებელია. ამან ქვეყანას შეიძლება ძალიან დიდი პრობლემები შეუქმნას“,- აღნიშნავს მამუკა არეშიძე.