შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას ეხმაურება. როგორც შსს-ში აცხადებენ, შსს-ს ახალმა ხელმძღვანელობამ მისვლისთანავე აღმოფხვრა ყველა არსებული ხარვეზი და აუდიტის დასკვნაში მითითებული 2017 წლის მსგავსი ფაქტები, მომსახურების სააგენტოში 2018 წლიდანვე აღარ ფიქსირდება.
„სახელმწიფო აუდიტმა გამოაქვეყნა შსს მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წელს, წინა ხელმძღვანელობის პერიოდში, განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე ანგარიში. აუდიტის დასკვნაში აღწერილია მომსახურების სააგენტოში 2017 წელს აღმოჩენილი ხარვეზები. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, სრულად ინფორმირებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა, რომელმაც მოსვლისთანავე აღმოფხვრა ყველა არსებული ხარვეზი და აუდიტის დასკვნაში მითითებული 2017 წლის მსგავსი ფაქტები მომსახურების სააგენტოში 2018 წლიდანვე აღარ ფიქსირდება“, - განაცხადეს შსს-ში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ − მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. ანგარიშის მიხედვით, შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ მართვის უფლების პრაქტიკული გამოცდის რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩატარების მიზნით შესყიდული, 7 მლნ ლარის ღირებულების ქონება გამოუყენებელია, შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტი უწყების მიერ თანხების არაეფექტიან ხარჯვაზე მიუთითებს.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით, საქართველოს ვალდებულება ჰქონდა, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების პრაქტიკული გამოცდა 2018 წლის 1 სექტემბრამდე ჩატარებულიყო რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, პროექტის განსახორციელებლად სააგენტომ შეისყიდა ავტომანქანები, მიკროავტობუსები, მოტოციკლები და აღჭურვა ისინი კამერებით, ასევე მოეწყო მოედნები და გადაამზადა გამომცდელი პერსონალი. ჯამში 2017-2018 წლებში პროექტის განსახორციელებლად დაიხარჯა 7 მლნ ლარზე მეტი. შესაბამისად, სააგენტომ სრულყოფილად შეასრულა თავისი ვალდებულება ასოცირების შეთანხმების შესრულების მიზნით. თუმცა როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიუთითებს, იმის გამო, რომ აღნიშნული მიმართულებით საკანონმდებლო ბაზა არ იყო მომზადებული და მუნიციპალიტეტებს არ ჰქონდათ ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულებული, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული მიზანი - გამოცდა ჩატარებულიყო რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, მიღწეული არაა.