ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია აცხადებს, რომ კონფერენციაზე თემაზე - „2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები“ საარჩევნო პროცესის გაუმჯობესების საკითხზე იმსჯელებენ.
„დღეს უნდა ვიმსჯელოთ იმ გამოცდილებაზე, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მივიღეთ და რა არის ჩვენი მომავალი ნაბიჯები იმ კუთხით, რომ არსებული კითხვები, რეკომენდაციები გავიაზროთ, გავითავისოთ და ცხადია, გავაუმჯობესოთ პროცესი. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ყველა კითხვას, რაც არის დასმული არჩევნებთან დაკავშირებით, უნდა გაეცეს პასუხი. ასევე, გამოძიება ბოლომდე იყოს მიყვანილი“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
ჟვანიას თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა ეუთო-ოდირის დასკვნაში შეფასებული იყო, როგორც კარგად ორგანიზებული.
„კარგად ორგანიზებაში იგულისხმება, როგორც კარგად ჩატარებული კენჭისყრა, ასევე პროფესიულად ადმინისტრირებული პროცესი. ასევე, კარგად არის შეფასებული ხმის დათვლა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გვაქვს შენიშვნები. ვფიქრობ, საარჩევნო ადმინისტრაციას გასაუმჯობესებელი აქვს დავებთან დაკავშირებული საკითხები, სამუშაოა ადმინისტრაციული რესურსების კუთხით“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
ამასთან, ჟვანიას თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით არ დადასტურდა ოპოზიციის ბრალდება, რომ ცესკო ხელისუფლების დაკვეთას ასრულებდა.
„ეს იყო მხოლოდ ცარიელი სიტყვები და არც ერთ ნაწილში არ დადასტურდა ბრალდება. მახსოვს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ძალიან დიდი, ფართომასშტაბიანი დისკრედიტაციული კამპანია, რომელიც იწყებოდა ტყუილებით და საბოლოო ჯამში, მას გაგრძელება არ ჰქონდა, რადგან ტყუილი იყო. ჩვენ დავადასტურეთ, რომ ხმები სწორად დავთვალეთ. ეს დადასტურებულია როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებით, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციების პარალელური დათვლის შედეგებით. ყველა ის ბრალდება, რაც წინასაარჩევნო პერიოდში იყო, აღმოჩნდა ცარიელა სიტყვები.
მოვიშველიებ ბოლო საარჩევნო კვლევას, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ენდობა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დათვლილ შედეგებს და ძალიან მაღალი რეპუტაცია შეინარჩუნა საარჩევნო ადმინისტრაციამ“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.