logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: სამოქალაქო საზოგადოება არის ძალიან სუსტი
- +

22 მარტი. 2019. 17:07

 

„სამოქალაქო საზოგადოება არის ძალიან სუსტი საქართველოში და ეს ვითარება საჭიროებს გამოსწორებას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კონფერენციაზე „2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები - მიღებული გამოცდილება და სამომავლო გეგმები“ განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამაში მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანონ საერთაშორისო პარტნიორებმა.

 

„პრობლემა, რაც უარყოფითად აისახება საარჩევნო გარემოზე არის სუსტი სამოქალაქო საზოგადოება, ხაზგასმით ვამბობ, ეს არის სამოქალაქო საზოგადოება და არა არასამთავრობო ორგანიზაციები, რაც სამწუხაროდ, ხელს უშლის საარჩევნო გარემოს შემდგომ გაუმჯობესებას. ამ კუთხით იყო განსაკუთრებული პრობლემები საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია იყო პირდაპირ ფორმით ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. რაც ბუნებრივია, არის სერიოზული პრობლემა და ეს ახდენს ზოგადად იმ ცნების დისკრედიტაციას, რასაც ჰქვია არასამთავრობო ორგანიზაციები. მაგალითად, ერთ -ერთი ყველაზე აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი თვითონ იყო ინიციატორი 30 თეთრის კამპანიის, რომელმაც მოღალატედ გამოაცხადა დღევანდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ბუნებრივია, ასეთი ფაქტები პირდაპირ ახდენს არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას და ამ ფენომენის დისკრედიტაციას. კიდევ ერთ ორგანიზაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ამ კამპანიის ხელშემწყობი ბანერი ჰქონდათ განთავსებული საკუთარ ოფიციალურ Facebook-გვერდზე . ეს არის, ბუნებრივია, ძალიან მძიმე ფაქტები, რაც ყურადღებას და სათანადო რეაგირებას საჭიროებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კობახიძემ ასევე აღნიშნა მედიის ჩართულობა საარჩევნო პროცესებში.

 

„ასევე „რუსთავი 2“-ში პირდაპირ ტარდებოდა აგიტაცია ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატის წინააღმდეგ და პირდაპირ იყვნენ ჩართული ამ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები, რომლებიც იმავდროულად იყვნენ დამოუკიდებელი დამკვირვებლები ამ პროცესის. ეს არის ბუნებრივია, შეუთავსებელი ერთმანეთთან. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფაქტი იყო „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადების მხარდაჭერა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, საუბარი იყო იმაზე, ვინც მხარს დაუჭერდა სალომე ზურაბიშვილს ყოფილიყო განკვეთილი სხვადასხვა სფეროდან, ეს იყო პირდაპირი გაგებით ფაშისტური განცხადება, ბოლშევიკური, გინდათ ეს ტერმინი გამოვიყენოთ და არა მხოლოდ არ მოხდა რეაგირება მათი მხრიდან ამ განცხადებაზე, არამედ მოვისმინეთ მხარდამჭერი გზავნილები. ასეთ პირობებში დამოუკიდებელი დაკვირვება ვერ განხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ასევე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ყალბი ID ბართის თაობაზე, სიების შეგროვების თაობაზე. ჩვენ მოვითხოვეთ მტკიცებულებები , ჩვენ ინტერესებში იყო თუ არსებობდა ასეთი ინფორმაცია ეჭვების გაქარწყლება, მაგრამ არანაირი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კობახიძის თქმით, ხელისუფლების ოპონენტების ერთ-ერთი მთავარი ხაზი კამპანიაში იყო ოქუაშვილის თემის გააქტიურება, თუმცა, ვერ ახერხებდნენ ამას , რადგან საფუძველი არ ჰქონდათ.

 

„საზოგადობამ კარგად იცის იმის თაობაზე, ვინ რას წარმოადგენს, ვის რა მიზანი ჰქონდა ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, აქედან რამდენიმე, ყველაზე მდიდარი ორგანიზაცია ხელს უწყობდა ამ კამპანიის წარმოებას. ეს არის პრობლემები. სამოქალაქო საზოგადოება არის ძალიან სუსტი საქართველოში და ეს ვითარება საჭიროებს გამოსწორებას. ამაში მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანონ საერთაშორისო პარტნიორებმა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მომავალში გამორიცხული იყოს არასამთავრობოების პირდაპირი მონაწილება საარჩევნო აგიტაციაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner