logo_geo
eng_logo
„ნაციონალებმა“ 14 მარტს დაგეგმილი სხდომა გადადეს - პარტიაში დაპირისპირებაა!
- +

23 მარტი. 2019. 01:50

 

როგორც „პრაიმტაიმს“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ სანდო წყარომ აცნობა, მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებზე საკუთარი მეუღლის, სანდრა რულოვსის კანდიდატურას ლობირებს, შესაბამისად პარტიის ლიდერთა ერთი ნაწილი ამ არჩევანს ემხრობა, მეორე ნაწილი კი ზუგდიდის მერობის კანდიდატად ნიკა მელიას განიხილავს.

 

საკადრო ცვლილებები და მაისში დაგეგმილი რიგგარეშე არჩევნები, უნდა განეხილათ 14 მარტს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ სხდომის დაწყებამდე ზუგდიდის მერის არჩევნებთან დაკავშირებით ნიკა მელიასა და გია ბარამიძეს შორის მწვავე კამათი ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მივიდა, რის გამოც პოლიტსაბჭოს სხდომა 18 მარტისთვის გადაიდო.

 

„პრაიმტაიმთან“ საუბრისას გია ბარამიძე მასსა და ნიკა მელიას შორის სიტყვიერ კამათს ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა ტექნიკური მიზეზით გადაიდო.

 

ბარამიძემ განმარტა, რომ ზუგდიდის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერაც არ არის მიღებული. ბარამიძე არც იმას გამორიცხავს, რომ პარტიამ ბოიკოტის გზა აირჩიოს.

 

გია ბარამიძე, „ნაციონალური მოძრაობა“:

„როცა რამდენიმე კანდიდატურაა, ბუნებრივია იქიდან ერთ-ერთს ირჩევ, თუმცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია, რადგან სხვადასხვა ფაქტორების და მიზეზების გამო შეიძლება საერთოდ არც მივიღოთ მონაწილეობა ზუგდიდის არჩევნებში, თუმცა ამ ეტაპზე უფრო პრიორიტეტულად იქნა მიჩნეული სანდრა რულოვსის კანდიდატურა. ერთ-ერთი არგუმენტი არის ის, რომ სანდრა პოლიტიკაში ჩვეული სახე არ გახლავთ, ის ახალი ენერგიის შემომტანია თავისი ხიბლით და ადამიანური თვისებებით. მან პრაქტიკულად გაიმარჯვა ზუგდიდში 2016 წლის არჩევნებზე“,  - განაცხადა გია ბარამიძემ.

 

-თუმცა მან მეორე ტურში კანდიდატურა მოხსნა და მაშინ ამ გადაწყვეტილებას ნიკა მელიას უკმაყოფილებაც კი მოჰყვა.

 

„საკითხის წარმოჩენა ნიკა მელიას და სანდრა რულოვსის დაპირისპირების კონტექსტში, არასწორია. მაშინ სანდრამ მოხსნა იმიტომ, რომ დაინახა გაყალბების რამხელა მანქანა ამოქმედდა. მას არ სურდა, რომ მის გამო კიდევ უამრავი ადამიანი დაეჭირათ და ოჯახები გაეუბედურებინათ. ერთ-ერთი არგუმენტი იყო ეს. თქვენს ძირითად კითხვას რომ დავუბრუნდეთ, აქვე გეტყვით, რომ სანდრას ამ რეგიონში ნამუშევარი აქვს, იქ ქველმოქმედებით არის დაკავებული. ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ ფქტორების, რის გამოც სანდრას კანდიდატურა პრიორიტეტულად მიიჩნევა. აქ არანაირ დაპირისპირებაზე საუბარი არ არის. მაშინ მეც მიმაჩნდა, რომ ყველაფრის მიუხედავად ბრძოლა უნდა გაგვეგრძელებინა მეორე ტურშიც, თუმცა სანდრას არგუმენტები იყო საკმაოდ საფუძვლიანი“, - აღნიშნა ბარამიძემ.

 

-თუმცა ამჟამად, ზუგდიდის რიგგარეშე არჩევნებზე მედიაშიც და პარტიის შიგნითაც აქტიურად განიხილებოდა ნიკა მელიას კანდიდატურა.

 

„ის, რომ ნიკა მელიას კანდიდატურის შესახებ იყო ცნობილი და სანდრასი, ან სხვა კანდიდატურის შესახებ მედიაში ინფორმაცია არ ყოფილა, არ ნიშნავს, რომ რომელიმე კანდიდატურა რაიმეთი ნაკლები იყო, ან ნაკლებ ყურადღებას იმსახურებდა. ვიღაცაზე გავრცელდა ჭორი, ვიღაცაზე არ გავრცელდა. იყო რამდენიმე კანდიდატი, მათ შორისაა ნიკა და სანდრაც, თუმცა ამ ეტაპზე ყურადღება შეჩერებულია უფრო სნადრა რულოვსის კანდიდატურაზე“, - დასძინა გია ბარამიძემ.

 

-ჭორს რაც შეეხება, ასეთი ამბავიც გავრცელდა, რომ თითქოს თქვენსა და ნიკა მელიას შორის იყო სერიოზული კამათი პოლიტსაბჭოს ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე… ესეც ჭორია, თუ აქვს საფუძველი?

 

„კი, ეს სიმართლეა. იყო კამათი. ჩვენ ხშირად ვკამათობთ ერთმანეთთან, ხანდახან ცხარედაც“.

 

-ამის გამო გადაიდო პოლიტსაბჭოს სხდომა 14 მარტს?

 

„არა, ის ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო. ჩვენ პარტიის წესდება გვქონდა მოსამზადებელი და ვინაიდან ჩვენი იურისტი ავად გახდა, სხდომა გადაიდო“.

 

18 მარტს გამართულ შეხვედრაზე კი პრაქტიკულად უკვე გადაწყდა, რომ ნიკა მელიას ნაცვლად ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებზე კენჭს სანდრა რულოვსი იყრის. წყარო ამბობს, რომ ამით მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ ასუსტებს პარტიაში ნიკა მელიას გავლენას, ვინაიდან სააკაშვილი მელიას უკვე დიდი ხანია აღარ ენდობა.

 

ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით პარტიის თავმჯდომარის პოსტს გრიგოლ ვაშაძე დაიკავებს, აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე კი „რუსთავი2“-ის მფლობელი კობა ნაყოფია განიხილება.

 

თავად ნიკა მელია ამბობს, რომ გადაწყვეტილება იმის მიხედვით მიიღება, ვის უფრო მეტი შანსი და მაღალი რეიტინგი აქვს.

 

„ერთ-ერთი ოლქია ზუგდიდი, სადაც უახლოეს დღეებში შეირჩევა ღირსეული კანდიდატი. ვისაც ექნება მაღალი შანსები და რეიტინგი, ის კანდიდატი იქნება ჩვენი მხრიდან. ტარდება კვლევები და კვლევების შესაბამისად პოლიტიკური პარტია იღებს გადაწყვეტილებებს. 24 მარტს ჩატარდება ყრილობა „ნაციონალური მოძრაობის“ და იქ ძალიან ბევრი საინტერესო საკითხი დასახელდება“, – აღნიშნა მელიამ და განაცხადა, რომ ზუგდიდის მერობის კანდიდატი შესაძლოა, პარტიის ყრილობაზეც დასახელდეს.

 

აქვე შეგახსენებთ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე ზუგდიდის ოლქში სანდრა რულოვსმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა, რასაც ნიკა მელიას უკმაყოფილება მოჰყვა. მან ამ გადაწყვეტილებას “ულამაზო” და “მიუღებელი” საქციელი უწოდა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner