„ფიგურალურად, 26 მაისი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმის იმ დღიდან, როცა ადამიანის უფლება პირველად შეილახა", - განაცხადა 26 მაისს დაზარალებულმა შალვა ოგბაიძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას.
"ის კოშმარი, რომელიც 2011 წლის 26 მაისს დაიწყო, იქამდე გაგრძელდება, სანამ ჩემს შვილებს და მეგობრებს ნასამართლეობის სტატუსი ექნებათ. ჩვენ გვინდა ისეთი ქვეყანა, სადაც სამართალი იზეიმებს. სულაც არ მხიბლავს ის პერსპექტივა, რომ ხელში „ბიტები" ავიღოთ და იმ ადამიანებს „დავუპადიეზდოთ", ვინც ჩვენ ამ დღეში ჩაგვყარა. ეს წყალს ასხამს „ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე, რადგან ისინი სამოქალაქო ომისთვის არიან მომართული", - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
მან 2011 წლის 26 მაისს მშვიდობიანი აქციის დარბევასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
"2011 წლის 26 მაისს ხელისუფლებამ ოპერაცია „ყულფი" მოაწყო. დემონსტრანტებისთვის ყველა გზა გადაკეტილი იყო. იქიდან დაუჭრელი და დაუზიანებელი ადამიანი არ უნდა გასულიყო და „შემთხვევით" გარდაცვლილი ადამიანის გარეშე, ეს ოპერაცია არ უნდა დასრულებულიყო, რაც მოხდა კიდეც", - განაცხადა ოგბაიძემ.
მისი თქმით, 26 მაისს დაგეგმილი მდუმარე აქცია არის აქცია, რომელიც ყველაზე მეტად ხმაურობს.
"26 მაისს დაგეგმილი მდუმარე აქცია არის აქცია, რომელიც ყველაზე მეტად ხმაურობს. ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენ უნდა ავაშენოთ ქვეყანა, სადაც სამართალი ისამართლებს. სამართალი ძალიან მწარე წამალია, მაგრამ ის არა მარტო იმ ადამიანებს უხდება, რომლებიც სასჯელს მოიხდიან, არამედ - მთლიანად საზოგადოებას", - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.