logo_geo
eng_logo
გარემოსთვის მიყენებული 243 980 ლარის ზიანის გამო, ყოფილი ტყისმცველი დააკავეს
- +

23 მარტი. 2019. 11:21

 

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი გულგრილობისა და სიყალბის ჩადენის ფაქტებზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის ხონის სატყეო უბნის ყოფილი ტყისმცველი, გ.ქ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურის პრეს-სამსახური ავრცელებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ხონის რაიონის სოფელ კინჩხის სატყეო უბნის ტყისმცველ გ.ქ.-ს, ეროვნული სატყეოს სააგენტოს დებულებით ევალებოდა ტყის ფონდის ტერიტორიაზე უკანონო სარგებლობის გამოვლენა, აღკვეთა და ასეთის გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა.

 

„გ.ქ. გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს და შედეგად მის სამოქმედო ტერიტორიაზე, გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელი პირებმა, უკანონოდ მოჭრეს 611 ძირი წიფლისა და რცხილას ჯიშის ხე-ტყე, რითაც გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 243 980 ლარი შეადგინა.

 

მას შემდეგ, რაც გ.ქ.-სთვის ცნობილი გახდა მის სამოქმედო ტერიტორიაზე განხორციელებული უკანონო ჭრის ფაქტი, მისი ქმედების შედეგად გამოწვეული ზიანის მასშტაბების შემცირებისა და მოსალოდნელი პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზნით, დაიყოლია რამდენიმე ნაცნობი, სოციალურად დაუცველი პირი და მათ მიმართ შეადგინა ყალბი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები, რომელთა მიხედვით, თითქოს მათ უკანონოდ გაჩეხეს გ.ქ.-ს სამოქმედო ტერიტორიაზე ხე-ტყის გარკვეული ნაწილი, რაც თავის მხრივ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში გამოავლინა გ.ქ.-მ. რეალურად, გ.ქ.-ს ხე-ტყით სარგებლობის უკანონო ფაქტები არ გამოუვლენია და ხის ჭრას არც მის მიერ დაჯარიმებული პირების მხრიდან ჰქონია ადგილი“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გ.ქ.-ს კანონით დადგენილ ვადებში წარედგინება ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 341-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner