შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა „პირველებში“ განაცხადა, რომ მაჩალიკაშვილის საქმეზე კომენტარი არ გაუკეთებია და არც გააკეთებს. ასე უპასუხა გახარიამ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დასმულ კითხვას.
„მაჩალიკაშვილის საქმეზე მე ვერაფერს გეტყვით. იმიტომ რომ ეს საკმაოდ მძიმე საქმეა და არ მინდა, ამაზე კომენტარი გავაკეთო, მითუმეტეს ეს გადის ჩემი უფლებამოსილების ფარგლებიდან და არ დავივიწყოთ, რომ ეს საქმე ტერორიზმს ეხება, ერთმნიშვნელოვნად ეს უნდა გვახსოვდეს. ტოლობის ნიშნის დაყენება სარალიძის საქმესთან არ არის სწორი. არცერთხელ მაჩალიკაშვილის საქმეზე კომენტარი არ გამიკეთებია, არც გავაკეთებ! არასდროს!“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობის წინ უკვე რამდენიმე თვეა საპროტესტო აქციებს მართავს და მოითხოვს, სახელმწიფოსგან კითხვაზე პასუხს, რატომ მოკლეს სუს-ის ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მისი შვილი, რომელსაც ტერორისტულ საქმიანობასთან, მისი თქმით, შეხება არ ჰქონია.
შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში სესიაზე, სადაც „მინისტის საათის“ ფორმატში დეპუტატების წინაშე გამოვიდა, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე განაცხადა: „არ მაქვს ეჭვი, რომ სოსო გოგაშვილმა ვიღაცა დახვრიტა“.