„NATO-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი NATO-საქართველოს განსაკუთრებული ურთიერთობის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.
კონსტანტინიდმა, საქართველოში იენს სტოლტენბერგის დაგეგმილ ვიზიტზე და ასევე მის ფარგლებში გასამართ შეხვედრებზე ისაუბრა.
„25 მარტს საქართველოს ეწვევა ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელიც ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის წევრებთან. ასევე, ის ეწვევა NATO-ს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს და დაესწრება მის მიერ ორგანიზებულ ნატო-საქართველოს სწავლებას. რიგით მეორე NATO-საქართველოს ერთობლივი სწავლება წელს პირველად ტარდება წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ხელმძღვანელობით, რაც NATO-ს მხრიდან საქართველოს შეიარაღებული ძალებისადმი ნდობის მაღალი გამოვლინებაა. აღნიშნული სწავლება ემსახურება ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებასა და NATO-სთან თავსებადობის ამაღლების ხელშეწყობას. NATO-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი NATO-საქართველოს განსაკუთრებული ურთიერთობის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა. NATO-ს მაღალი დონის ვიზიტები და მათი ინტენსივობა ცხადყოფს, რომ საქართველოს ალიანსის დღის წესრიგში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. აღსანიშნავია, რომ ეს არის იენს სტოლტენბერგის მესამე ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
კონსტანტინიდმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წელი ევროატლანტიკური ალიანსიდან მაღალი დონის ვიზიტებით დატვირთული იქნება, რაც თავის მხრივ მოწმობს, რომ საქართველო NATO-სთვის ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი პარტნიორია.
„2019 წელი ამ მხრივ, მაღალი დონის ვიზიტებით განსაკუთრებით დატვირთული იქნება. წლის დასაწყისში საქართველოში იმყოფებოდა NATO-ს საზღვაო ძალების სარდალი, 18 მარტიდან მიმდინარეობს NATO-საქართველოს მეორე სწავლება, რომლის მიზანია ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება და NATO-სთან თავსებადობის ამაღლების ხელშეწყობა. ხოლო მარტის ბოლოს საქართველოს უკვე მესამედ ეწვევა ნატოს სამხედრო კომიტეტი. ბოლო წლების განმავლობაში NATO-საქართველოს თანამშრომლობა განსაკუთრებულად დინამიური და შინაარსობრივად დატვირთულია. კიდევ ერთხელ აღსანიშნავია, რომ საქართველოს ალიანსთან აკავშირებს არა მხოლოდ საერთო ინტერესები, არამედ საერთო ფასეულობები და უსაფრთხოების გამოწვევები. საქართველო განაგრძნობს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე წინსვლას, რათა განხორციელდეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი ქვეყანა“, - აღნიშნა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.