logo_geo
eng_logo
ლელა ანჯაფარიძე: გიორგი ღონღაძე, რომელიც 2000 წელს გაიტაცეს და ვერაგულად... წამებით მოკლეს ტყეში...
- +

23 მარტი. 2019. 17:37

 

 

„მე თუ არ დავიწვი, შენ თუ არ დაიწვი, ჩვენ თუ არ დავიწვით, ბნელს რა გაანათებს“...

 

3 წლის წინ, 2016 წლის 22 მარტს კიევში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ტერიტორიაზე დაკრძალეს არაჩვეულებრივი ქართველი კაცი, ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი გიორგი ღონღაძე, რომელიც 2000 წელს გაიტაცეს და ვერაგულად, წამებით მოკლეს ტყეში...

 

არ შემეკითხოთ, რატომ მიუგეს გიორგის ღირსეული ადგილი მხოლოდ 16 წლის შემდეგ. არის ისეთი დეტალები, რაც თუ არ იცით, არ მინდა მოყოლა...

 

2016 წელს უკრაინის პრეზიდენტმა პ. პოროშენკომ გიორგის მეუღლეს გადასცა გიორგის უკრაინის გმირის ოქროს ვარსკვლავი.

 

გიორგი დაიბადა თბილისში, მსახურობდა ჯარში და შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად დედასთან ლვოვში, ეწეოდა აქტიურ ჟურნალისტურ მოღვაწეობას. იყო ძალიან ძლიერი პროფესიონალი და პიროვნება. არასდროს არაფრის არ ეშინოდა, ამბობდნენ, თავად პრეზიდენტი კუჩმაც კი ერიდებაო მასთან ინტერვიუებს, ისეთ შეკითხვებს უსვამსო.

 

ძალიან უყვარდა საქართველო, ამაყობდა იმით, რომ ქართველია.

 

1993 წელს გიორგი წავიდა აფხაზეთში იმ უკრაინელებზე ფილმის გადასაღებად, ვინც იბრძოდა ქართველების მხარეს, მაგრამ როდესაც დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, კამერა გადადო და იარაღი აიღო ხელში. ერთ-ერთ ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა. აფხაზეთიდან დაბრუნებული პირდაპირ საუბრობდა იმაზე, რომ ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა რუსეთი და რომ რუსეთის მხრიდან ამის უარყოფა „სრული ბლეფია“.

 

მე გიორგი გავიცანი მოსკოვში, სახელმწიფო სათათბიროში, დამპატიჟა დეპუტატების სასადილოში და ბევრი მაცინა, როდესაც მომიყვა, რომ დეპუტატები თურმე, სასადილოში ყავის ჭიქებით ჩუმად კონიაკს მიირთმევენ და სხდომის დარბაზში ბარბაცით ბრუნდებიან, მაგრამ კონსპირაცია არ გამოსდით, რადგანაც პირველი ჭიქის მერე, ყავის ჭიქებს საეჭვოდ უჭახუნებენ ერთმანეთს...

 

მერე ავედით ზევით რუს ჟურნალისტებთან და ორივემ კმაყოფილი სახით განვუცხადეთ, რონ ვართ უღმერთოდ ნიჭიერები და უსაშველოდ ლამაზები სწორედ იმიტომ, რომ ორივეს დედები გვყავს უკრაინელები და მამები კი ქართველები.

 

ამის მერე გიორგი აღარ მინახავს...

 

2001 წელს გიორგის ქვრივი, მიროსლავა ღონღაძე. ორ ტყუპ ქალიშვილთან, ნანასთან და სალომესთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად ვაშინგტონში... მიროსლავა ჰყვებოდა, რომ კიევში დარჩენა ბავშვებისთვის სახიფათო იყო...

 

გიორგიმ გოგოებს მხოლოდ ქართული სახლები კი არ დაარქვა, ქართულ ენას ასწავლიდა... რა დაღლილიც არ უნდა ყოფილიყო, ამისთვის ყოველთვის ეცალა...

 

უკვე დიდი გოგოები არიან და გამოჰყვათ მამის საოცარი ღიმილი და ბრძოლისუნარიანობა...

 

თავის დროზე მიუწერიათ წერილი პრეზიდენტ ბუშისთვის, პოლარული დათვების მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით და პრეზიდენტის მეუღლისგან მიუღიათ ძალიან თბილი წერილი, რომელშიც ლორა ბუში გოგოებს მადლობას უხდიდა ასეთი ყურადღებისთვის.

 

დღეს კი, როდესაც გაიზარდნენ და ბევრი რამე გაიგეს, დაინტერესდნენ მამის საქმით და მიროსლავა დარწმუნებულია, რომ ისინი გამოიძიებენ ამ საქმეს ბოლომდე...

 

ღმერთმა ხელი მოუმართოს!

 

 

ლელა ანჯაფარიძე

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner