გერმანიაში, ბერლინში, კულტურის სფეროში ქართულ-გერმანული შერეული კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა.
კომისიას თანათავმჯდომარეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე და გერმანიის საგარეო ფედერალური ოფისის კულტურისა და კომუნიკაციების გენერალური დირექტორი, დოქტორი ანდრეას გეორგენი. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი.
საგარეო უწყების ინფორმაციით, კომისიაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2017 წელს, საქართველო-გერმანიის წლის და 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობის მნიშვნელობას. ასევე, საუბარი შეეხო პროფესიულ განათლებაში თანამშრომლობის გაფართოების საკითხებს, აგრეთვე, განიხილეს კულტურის სფეროში საკანონმდებლო ბაზის განახლების, გერმანიაში ქართული ენისა და საქართველოში გერმანული ენის ხელშეწყობის, სასკოლო, საუნივერსიტეტო, სამეცნიერო და კვლევითი თანამშრომლობის, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ურთიერთობების და გერმანულ ფონდებთან და სხვადასხვა ინსტიტუტებთან თანამშრომლობის საკითხები.
კომისიის მუშაობის შედეგად, მხარეებს შორის ოქმი გაფორმდა.