„საუბარი იმაზე, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" შეწყვიტა „მოღვაწეობა" და დატოვეს პარლამენტი, ამით პარლამენტი არ დაინგრევა. მე თუ მკითხავთ მათ ადრე უნდა შეეწყვიტათ ეს პოლიტიკური მოღვაწეობა და საერთოდ არ უნდა გაკარებოდნენ ამ საქმეს."- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა გადაცემა „მაესტროს ფაქტორში" საუბრისას განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მომხდარი ინციდენტი ისევ და ისევ პროვოკაციის შედეგია, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ" დაგეგმა, რადგან „ქართულ ოცნებას" არანაირი ძალადობა ხელს არ აძლევს.
„რაც შეეხება სამეგრელოში დატრიალებულ ამ ინციდენტს, ჩვენ ვთქვით ხმამაღლა, რომ არანაირი ძალადობა არც ქვეყნის მოსახლოების ინტერესებში არ შედის და არც ქართული ოცნების ინტერესებში არ შედის. დღემდე, ძალიან დამაჯერებლად ვიმარჯვებდით და მარცხდებოდა „ნაციონალური მოძრაობა", ასე მოხდება ოქტომბრის არჩევნებზეც. ასე რომ არ არის საჭირო არანაირი ძალადობა.
„ნაციონალებს" თავმოყვარეობა საერთოდ არ გააჩნიათ. ოღონდ კოცონი დაინთოს ქვეყანაში, ოღონდ ვინმე- ვინმეს გადაკიდონ. შეურაცხყოფის შემთხვევაში ჩვენ ვერ დავდებთ პირობას როგორ მოვიქცევით."- განაცხადა პაპუაშვილმა.