სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას ლოცვის ძალაზე ისაუბრა და ის პერიოდი გაიხსენა, ვიდრე პატრიარქად ეკურთხებოდა.
„ყველას გილოცავთ მეორე კვირას დიდ მარხვისა. ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა. ნათელი ქრისტესი სულ სხვა არის, ვიდრე ჩვენ ვიცით. მე მახსენდება ჩემი აფხაზეთში ყოფნის დრო პატრიარქობამდე. რუსეთიდან ჩამოვიდა ერთი ახალგაზრდა, ეროვნებით ებრაელი. შემდეგ ავიდა უდაბნოში აფხაზეთის და იქ მოღვაწეობდა. ბერები მეუბნებოდნენ მე, რომ საოცრება ხდებაო. ეს ახალგაზრდა ჩამოვიდა და იმდენად დიდი იყო მისი სარწმუნოება და სიყვარული, რომ როცა ლოცვებს კითხულობდა, სხვა ბერები ნათელს ხედავდნენ მის თავზე. მე მეუბნებოდნენ, რომ ჩვენ არ ვეუბნებით და არ ვუმხელთო, რომ ეს ნათელი თავზე ადგას, რათა ამპარტავნების გრძნობა არ დაეუფლოსო.
მისი მამა ერთ-ერთ უნივერსიტეტში პროფესორი იყო. ის საშინელი ათეისტი იყო. ჩამოვიდა ჩემთან სოხუმში და ეძებდა თავის შვილს. მან მიამბო, თუ როგორ დაიწყო სარწმუნოებაში მოსვლა. ის ამბობდა, რომ ხელზე შემოხვეული აქვს ფსკვნილიო. ათეისტურ ოჯახშია გაზრდილი და ფსკვნილს ხმარობსო. და ამიტომ შევიყვანეთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიო. მთელს საბჭოთა კავშირში მისი ძიება იყო გამოცხადებული. მაგრამ ღვთის მადლით ის დარჩა მორწმუნე ქრისტიანი და დღესაც რუსეთში მოღვაწეობს. ეს მოგახსენეთ იმიტომ, თუ რა შეუძლება ლოცვას. ფერისცვალება ხდება ადამიანში ლოცვის შედეგად. ჩვენ ვმადლობთ უფალს რომ უფალი ჩვენთან არს“, - ბრძანა პატრიარქმა.