„ასეთი დატვირთვით NATO-ს დღის წესრიგში საქართველოს ყოფნა მიანიშნებს, რამდენად პრიორიტეტულია საქართველო NATO-სთვის”, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა NATO-საქართველოს ურთიერთობებსა და NATO-ს ეგიდით საქართველოში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოში NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ვიზიტი ტარდება NATO-ს საიუბილეო მინისტერიალის წინ. მინისტრის განცხადებით, NATO-სთან ურთიერთობის კონტექსტში, მიმდინარე და მომდევნო კვირა უაღრესად ინტენსიური იქნება.
„დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ვიზიტს იქიდან გამომდინარე, რომ იგი ტარდება NATO-ს საიუბილეო მინისტერიალის წინ და ეს ერთი კვირა არის უაღრესად ინტენსიური NATO-სთან ურთიერთობის კონტექსტში. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე კვირას დაგეგმილია NATO-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი. საქართველოს ეწვევა NATO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო გენერალიტეტი და მომდევნო კვირას მე მექნება ბრიუსელში, NATO-საქართველოს კომისიის ფარგლებში შეხვედრა, რომელიც მიეძღვნება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს. ერთი კვირის განმავლობაში, ასეთი ინტენსივობით და ასეთი დატვირთვით საქართველოს NATO-ს დღის წესრიგში ყოფნა მიანიშნებს, თუ რაოდენ პრიორიტეტულია საქართველო NATO-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, იენს სტოლტენბერგის ვიზიტი ასევე ემთხვევა NATO-ს წავლებებს, რომელშიც NATO-ს პარტნიორი და წევრი ქვეყნების უპრეცედენტო რაოდენობა მონაწილეობს.
ზალკალიანის თქმით, საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს NATO-ში ინტეგრირებისთვის და ამ ინტრუმენტების შესრულების თვალსაზრისით საქართველო ლიდერ ქვეყნად არის აღიარებული:
„უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შინაარსობრივი თვალსაზრისით ძალიან დატვირთული იქნება ვიზიტი, ვისაუბრებთ ყველა იმ მიმართულებაზე, რომელიც პრიორიტეტულია. საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს და ამ ინტრუმენტების შესრულების თვალსაზრისით, საქართველო ლიდერ ქვეყნად არის აღიარებული: NATO-საქართველოს ერთობლივი კომისია, ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, არსებითი პაკეტი, და ის წვრთნები, რომელიც ამ ვიზიტის დროს გაიმართება, მართლაც მიანიშნებს უაღრესად ინტენსიურ და პოზიტიურ შესრულებაზე საქართველოს მხრიდან, ყველა ძირითად მიმართულებაზე. ეს არის კიდევ ერთი აღიარება საქართველოში განხორციელებული რეფორმების, მათ შორის თავდაცვის, პოლიტიკური და დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმირების კუთხით. ეს ვიზიტი კიდევ ერთი ხელის ჭემწყობი მძლავრი იმპულსი იქნება საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის კუთხით“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოში 24 მარტს ჩამოვიდა. გენერალურ მდივანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, NATO-ში საქართველოს წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე, საქართველოში NATO-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი და პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი.
NATO-ს გენერალური მდივანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს: საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან პარლამენტის თავმჯდომარეთნ და პარლამენტის წევრებთან.
იენს სტოლტენბერგი, ასევე ეწვევა NATO-ს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს და დაესწრება მის მიერ ორგანიზებულ ნატო-საქართველოს სწავლებას.
სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოში 25 მარტს დასრულდება.