„ყველამ კარგად იცით, 26 მაისს რაც მოხდა, ამ დღის ძირეულად გახსენებას არ დავიწყებ, თორემ ძალიან გავბრაზდები. ამ დღეს სისხლის გუბეები დააყენეს. ვანო მერაბიშვილი დაისაჯა, მაგრამ იმდენი არ მიუსაჯეს, რამდენსაც იმსახურებდა. მან 26-ში ფაქტობრივად, ცოდვის კალო დაატრიალა", -აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი „რეპორტიორთან" 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე საუბრისას.
„ჩემი აზრი თუ ვინმეს აინტერესებს, ხომ იცით, სიმართლის თქმას არ მოვერიდები. ვიღაც ჩვენს საუბარს წაიკითხავს და იტყვის, ეს პარლამენტშია და იქიდან კარგად „ჭიკჭიკებსო".. მე როგორც „ვჭიკჭიკებდი" პარლამენტში შესვლამდე, ახლაც ისე „ვჭიკჭიკებ", 26 მაისის საქმეები ბოლომდე არაა მიყვანილი. ამ დღეს კვინტრაძე და ასათიანი რომ მოკლეს, მათი მკვლელები დასჯილები დღესაც არ არიან ბოლომდე. პირადად მე, სოსო ჯაჭვლიანი, პარლამენტის დეპუტატი, მათ ოჯახებს ძალიან დიდი ბოდიშს ვუხდი, რომ სამართალი არ აღდგა ამ მხრივ. ამ საქმესთან დაკავშირებით ძალიან ხშირად ვლაპარაკობ, სადაც ხელი მიმიწვდება და შემიძლია ვისაუბრო. ძალისხმევას არ დავიშურებ, სამართალი აღდგეს", -ამბობს უმრავლესობის წევრი.
ჯაჭვლიანის თქმით, არასწორი იქნება, რომ 26 მაისი არ აღინიშნოს.
„ბატონ ცაგარელს თუ დავესესხებით, 9 აპრილი და 26 მაისი ძალიან მძიმე დღეებია ასტროლოგიურად. 26 მაისი, 9 აპრილი და მსგავსი თარიღები ნორმალურმა მთავრობამ რატომ არ უნდა აღნიშნოს? დიდი საქმე, იმ ღამეს თუ მცემეს, მე პირადად, სხვაზე არ ვამბობ, და დავზარალდი. ძალიან ცუდი რამ მოხდა. ამას მარტო ის მთავრობა გააკეთებდა, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდის.
ახლა „ნაციონალების" მხრიდან იქნება კონტრპასუხები, აღლუმის არჩატარებასთან დაკავშირებით, და ა.შ... დღევანდელი გადმოსახედიდან გული ძალიან მეთანაღრება იმაზე, რომ სამართლიანობის ზეიმი იმ კონდიციამდე არაა მიყვანილი, სადამდეც უნდა იყოს",-აცხადებს ჯაჭვლიანი.