„ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად, ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის თანახმად, ხულიგნური განზრახვით და განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული გ.ჩ. დამნაშავედ იქნა ცნობილი“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 27 მაისს, ქალაქ ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში, გ.ჩ.-მ ხულიგნური განზრახვით და განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მოკვლის მიზნით, ი.ა.-ს დანით სხეულის სხვადასხვა არეში 55 ჭრილობა მიაყენა, მათ შორის 4 გულმკერდის არეში. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად, ი.ა.-ს გადარჩენა მოხერხდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ გ.ჩ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.