„დეპუტატების დასწრება პარლამენტის სხდომებზე 100 დღეში 35%-ით არის გაზრდილი, რაც ძალიან დიდი რიცხვია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა სასტუმრო „თბილისი რუმსში“, საპარლამენტო რეფორმის პირველადი შედეგების წარმოდგენამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მთავრობის წევრების წარმომადგენლობას თქვენ თვითონაც ხედავთ, რა მასშტაბი აქვს მიღებული. წლების განმავლობაში მინისტრები და მთავრობის წევრები ნანახი არ ჰყავდათ პარლამენტის წევრებს სხდომათა დარბაზში და კომიტეტებზე ხედავთ, რომ მხოლოდ 100 დღეში 10 მინისტრი იყო სხვადასხვა ფორმატში წარმოდგენილი, არც ერთი უარი დაბარების შემთხვევაში არ გვქონია, რაც ნიშნავს იმას, რომ პარლამენტი არის სხვანაირი“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
სასტუმრო „თბილისი რუმსში“ საპარლამენტო რეფორმის მიმდინარეობასა და პირველადი შედეგებზე მსჯელობენ. პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიღებიდან 100 დღეში მიღწეულ შედეგებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აჯამებენ.
ასევე, შეხვედრის მონაწილეებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი მიმართავენ.
ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, მათი ფართო ინიციატივის ფარგლებში ტარდება, რომელიც საქართველოს პარლამენტარიზმის განვითარებას ემსახურება.