„ჩემი მთავარი გზავნილი დღეს იყო სწორედ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი. რაც არ უნდა მოხდეს, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, მშვიდობიანი პოლიტიკა არის საქართველოს ძალა და ეს იქნება გამარჯვების გზა.
„საუბარი შეეხო ღია კარის პოლიტიკას, მიდგომას, რომელიც აქვს NATO-ს, რომ რაც შეიძლება მეტი თანამშრომლობა იყოს საქართველოსთან, მაგრამ ჩემი მთავარი გზავნილი დღეს სწორედ იყო ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, რამეთუ ძალიან დამძიმდა ოკუპაციის ხაზთან რუსეთის ქმედებები. ეს იქნება მცოცავი საზღვარი სხვადასხვა ადგილებზე, გატაცებები, თუ ეს იქნება მუქარა, რაც ისმოდა ბოლო პერიოდში თუნდაც სწორედ NATO-ს წვრთნების შესახებ. ამიტომ ეს იყო ჩვენი ყოველდღიური სათქმელი ჩვენს პარტნიორებთან - იცოდნენ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ამ აგრესიული პოლიტიკის მიუხედავად ჩვენს სამშვიდობო გეგმებს, სამშვიდობო ნაბიჯებს, რომელიც ყოველდღიურად უფრო რთული ხდება, როდესაც იკეტება გადასასვლელი პუნქტები საოკუპაციო ხაზზე, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ არ ვიცვლით ჩვენს სამშვიდობო გზავნილებს.
სხვა პოლიტიკა საქართველოს არ გააჩნია, არის მხოლოდ სამშვიდობო პოლიტიკა, ეს ნიშნავს, რომ უნდა გააქტიურდეს ჟენევის ფორმატი, მიიღოს პილიტიკური დატვირთვა ან ჟენევაში ან სხვანაირად. არ შეიძლება შევეგუოთ იმას, რომ მხოლოდ ტექნიკურ დონეზე წყდება ან არ წყდება ეს საკითხი, რადგან რეალურად პროგრესი, რომ გადაწყდეს მშვიდობიანად, არ არსებოს, თუ ეს არ იქნება ჩვენი პარტნიორებისგან ყოველდღიურად გახსენებული რუსეთისთვის, რომ მან უნდა შეასრულოს ვალდებულებები, რაც მიღებული აქვს.
კიდევ ერთი მინდა ვთქვა - ამ ყველაფრის მიუხედავად, რაც არ უნდა მოხდეს, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკა. ეს არის ჩვენი ძალა და ეს იქნება გამარჯვების გზა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.