„ცნობილია, რომ 2011 წლის 26 მაისის აქციას 12-მდე ადამიანი შეეწირა", - განაცხადა 26 მაისს დაზარალებულმა ოლეგ ჟვანიამ გადაცემა 2030-ში.
"ზოგი სად ნახეს და ზოგი სად - ზოგი წყლიდან ამოიყვანეს, ვითომ მთვრალი გადახტა და ბორკილები წყალში დაიდო, ისევე, როგორც ჩემს სახურავზე ავიდნენ ბორკილებდადებულები", - განაცხადა ოლეგ ჟვანიამ.
მისი თქმით, როცა ის დააპატიმრეს, შესთავაზეს, თანხის სანაცვლოდ დანაშაული საკუთარ თავზე აეღო, მაგრამ ეს არ გააკეთა.
"მაინტერესებს, ასათიანის და კვინტრაძის ოჯახების გარდა, სად არიან და რატომ დუმან 26 მაისს დაღუპულთა ოჯახის წევრები?! გასაგებია, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს შეშინებული იყვნენ, მაგრამ ახლა ხომ არ არის ტერორი?! შესაძლოა, მათ თავის დროზე სოლიდური თანხა შესთავაზეს, გააჩუმეს და ახლაც რცხვენიათ, რაც მართლაც სამარცხვინოა, მაგრამ უფრო სამარცხვინოა, თუ ისინი შიშის გამო დუმან, რადგან შიში ყველაზე საზიზღარი მოვლენაა. როცა მე დამაპატიმრეს, საკმაოდ მეშინოდა, მაგრამ ისეთი ნაბიჯი არ გადამიდგამს, რის გამოც მერე შემრცხვებოდა. მეც შემომთავაზეს, თანხის სანაცვლოდ დანაშაული საკუთარ თავზე ამეღო და მათი სიტყვებითვე რომ ვთქვათ, უმაღლესი ხელისუფლებისთვის ჩირქი ჩამომეწმინდა, მაგრამ ეს არ გავაკეთე", - განაცხადა ოლეგ ჟვანიამ.