საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი, ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა დაიბადა 1939 წლის 26 მაისს ქ. თბილისში ოლღა დემურიასა და ივანე კოსტავას ოჯახში.
1972 წელს მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად აყალიბებს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფს. რეპრესიები მის წინააღმდეგ არ წყდებოდა. სუკ-ი გამუდმებით უთვალთვალებდა. მის სახლთან ყოველთვის მორიგეობდა უშიშროების მანქანა. მერაბიც უმალ ცნობდა მათ. ხშირად უთქვამს: „მთელი დღე აქ დგანან, მოშივდებოდათო" და საჭმელი გაუგზავნია მოთვალთვალეებისათვის.
1977 წლის 7 აპრილს მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად დააპატიმრეს. მერაბ კოსტავას 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. საბაბი ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა, ჟურნალ „ოქროს საწმისის" გამოცემა იყო. "ჩვევად გვქონდა, მე და მერაბი დილით ეზოში ჩამოვსხდებოდით ხოლმე. ერთ დღესაც გამოვედი და მერაბი არ დამხვდა. მისი აივნისკენ გავიხედე და შევნიშნე, ვიღაც იდგა ფარდის უკან. მისი ნათქვამი გამახსენდა, დამიჭერენო. ეზოს ჭიშკარს გავხედე - ორი საეჭვო უცნობი იდგა. მივხვდი, მერაბის სახლში კა-გე-ბე იყო შესული" - იხსენებს მერაბის დაპატიმრების შემთხვევას მისი მეგობარი.
1980 წელს გადასახლებულ იქნა ირკუტსკის ოლქში, ტაიშეტის რაიონის დაბა კვიტოკში. დედამ და მისმა მეგობარმა მოახერხეს მერაბის მონახულება. "ჩვენ ეზოში ვიდექით. ისე აღელდა, უკან გაბრუნდა, ახლოს მოსვლა ვერ შეძლო. მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ გამოვიდა და გადაგვეხვია... ავტირდი. მერაბი კი მტკიცე კაცი იყო, მის თვალზე ცრემლი არასდროს დამინახავს. ერთი კვირა დავრჩით კვიტოკში, მერაბმა თავისი მოყვანილი ბოლოკი და წიწმატი მოიტანა სუფრაზე და შემოგვჩივლა, აქ პატარა ბოსტანი გავაკეთე, იქ, ჩვენთან, ბოლოკი კონად მოდის, აქ კი სათითაოდ იკეთებს თავსო. გაგვეცინა, არ იცოდა, რომ ჩვენთანაც სათითაოდ მოდიოდა ბოლოკი და უბრალოდ შეკონილი იყიდებოდა" - იხსენებს ზურაბ შაუთიძე.
გათავისუფლებამდე რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი, როცა პროვოკაცია მოუწყვეს, 5 წელი დაუმატეს, როგორც "ხულიგანს" და ციმბირში ქ. ანგარსკში გაამწესეს. მერაბ კოსტავა შეურიგებლად იცავდა არა მარტო თავის, არამედ ყველა პატიმრის ღირსებას და ის ზედმეტი ხუთი წელი სწორედ ამ შეურიგებლობის საზღაური გახდა. უცნაურია, მაგრამ სუკ-შიც და ციხეშიც დიდ პატივს სცემდნენ. მისი მიმტევებელი და კაცთმოყვარე ბუნება ერთნაირად აღაფრთოვანებდა მილიციელსაც და პატიმარსაც.
ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში ყოფნის პერიოდს მერაბი ასე იხსენებს: "პერმის საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნისას კარცერში ჩამაგდეს, ტრუსების ამარა, 40-გრადუსიან ყინვაში. რკინის გისოსები მჭიდროდ მქონდა შემოჭერილი. მხოლოდ სიმაღლეში იყო დარჩენილი 10-15 სანტიმეტრი და მთელი ღამე ხტუნვაში გავატარეო. როცა მეორე დილით, ზედამხედველები ჩემს "გასატანად" მოვიდნენ, გაოგნებული დარჩნენ, როცა დავუძახე: "პრივეტ, ბრატცი!"
1978 წლის ზაფხულში მერაბ კოსტავა ამერიკის კონგრესის მიერ წარდგენილ იქნა ნობელის პრემიაზე. იმ პერიოდში მერაბის შესახებ ფართო საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცოდა; მასზე ინფორმაცია ძირითადად დისიდენტურ წრეებში და მის სამეგობროში ჰქონდათ. ციმბირში ყოფნის დროს, 1985 წელს, თბილისში მერაბის ერთადერთმა ვაჟმა - 25 წლის ირაკლი კოსტავამ ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე.
პოლიტიკური ზეწოლის შედეგად, ხელისუფლება იძულებულია, გაათავისუფლოს მერაბ კოსტავა. 1987 წლის 30 აპრილს იგი 10-წლიანი პატიმრობიდან სამშობლოში ბრუნდება. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, მას არაერთი "თბილი" თანამდებობა შესთავაზეს, მაგრამ მერაბმა მუსიკის მასწავლებლობა არჩია, ასწავლიდა ბარნოვის ქუჩაზე, მუსიკალურ შვიდწლედში.
მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად 1987-1990 წლებში გამართულ თითქმის ყველა საპროტესტო აქციის, გაფიცვის, შიმშილობის, მიტინგისა და დემონსტრაციის ორგანიზატორია. ზვიადი და მერაბი განუყრელი მეგობრები იყვნენ. ერთხელ დედამისისთვის უთქვამს - „დედი, არ გეწყინოს, მაგრამ ჯერ უფალი მიყვარს, მერე ზვიადი, მერე კი შენო". ზვიადს რომ დაინახავდა, თურმე აღარავინ ახსოვდა. მასთან ერთად ხელმძღვანელობდა მიტინგებს 1988 წლის ნოემბრის დღეებსა თუ 1989 წლის აპრილში. 9 აპრილის ღამეს უშიშრად იდგა საკუთარი ხალხის გვერდით. ხალხმა მას სიყვარულით „შავლეგო" შეარქვა და შალვა ახალციხელივით მარადისობას აზიარა.
1989 წლის 9 აპრილს მ. კოსტავას კვლავ აპატიმრებენ მიტინგის ორგანიზებისათვის. 40 დღის შემდეგ გაათავისუფლეს. 9-ში დატრიალებული ტრაგედიის გამო დანაღვლიანებული და იმავდროულად გაკვირვებული იყო, ხალხი ვერ იცნო - "ასე მოკლე დროში, ასეთი მეტამორფოზა, ძალიან იშვიათად ხალხმა განიცადოსო".
9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, საქართველომ მკვეთრად აიღო გეზი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისკენ. როდესაც მერაბს ეკითხებოდნენ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობაში, ის პასუხობდა: "მე სოფელში წავალ, თოხსა და ბარს ავიღებ და მიწაზე ვიმუშავებო".
მერაბ კოსტავა საზოგადოების გამთლიანებისთვის იბრძოდა. 1989 წლის ზაფხულში ერთი სატელევიზიო პაექრობისას მერაბ კოსტავამ განაცხადა: თუ ერთმანეთთან ვერ გამოვნახავთ სალაპარაკო ენას დღეს, შესაძლოა დადგეს დრო განუჭვრეტელი სიბნელისა, სადაც ჩვენ ერთმანეთს დაბრმავებული ვეძებდათ და ვეღარ ვპოვებდეთო.
ღალიძგის ხიდთან ერთ მხარეს თბილისიდან დაძრული ქართველები იდგნენ, მეორე მხარეს - კი რუსის ჯარი. ყველა ისეთ გულზე იყო, რომ ძალით შევარდნილიყვნენ. ეს იყო რუსეთის პროვოკაცია, რომელსაც ქართველები წამოეგებოდნენ. მერაბ კოსტავა ჩაუდგა წინ მომიტინგეებს და ყველას სთხოვა, რომ უკან გაბრუნებულიყვნენ. ქართველების მხრიდან ვიღაცამ გაისროლა. ბედად დროზე აუკრეს ხელი იარაღზე. არ წამოვეგეთ პროვოკაციაზე და რუსების გეგმები ჩაიფუშა იმ დროს. სწორედ 1 კვირის თავზე მოკლეს შემდეგ კოსტავა.
სიკდილამდე 1 დღით ადრე მერაბ კოსტავას ინიციატივით იქმნება საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდი, რომელიც ითვალისწინებდა იმავე მიზნების აღსრულებას, რაც თავს იდო მე-19 საუკუნის II ნახევარში დიდი ილიას მიერ დაარსებულმა სათავადაზნაურო ბანკმა.
1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისს მომავალი მერაბ კოსტავა სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) ტრაგიკულად დაიღუპა. იგი სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს და მთაწმინდაზე მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
2013 წელს 26 სექტემბერს მერაბ კოსტავას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.